ახალი ამბები

საპატრიარქო – ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ უმართავი პროცესების განვითარებას

1 ივნისი, 2018 • 31529
საპატრიარქო – ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ უმართავი პროცესების განვითარებას

ხორავს ქუჩაზე მომხდარ მკველელობასთან დაკავშირებით საპატრიარქო ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საპატრიაქო უმართავ პროცესებს მხარს ვერ დაუჭერს. საქართველოს საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომ ხალხს მეტი თანადგომა სჭირდება.

“ექვსი თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო შესძრა. ეს იყო ისეთი ქმედება, რამაც პრობლემებითა და პირადი ტრაგედიებით დამძიმებული ჩვენი საზოგადოება გააოგნა.

დღეს მთელი საქართველო კვლავ შეაშფოთა გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის გამწარებამ იმის გამო, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობდა.

ბატონი ზაზა აცხადებს, რომ იგი თვეების მანძილზე ცდილობდა სამართალდამცავთა ყურადღების მიპყრობას, პოზიციის დასაფიქსირებლად, მაგრამ ამას ვერ მიაღწია.

ეს ადამიანი არის სამართლიანად განაწყენებული და ამდენად, მართალი, თუნდაც მისი არგუმენტები არ იყოს ბრალდებისათვის საკმარისი, როგორც ზოგიერთს მიაჩნია.

ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჩქარებული წესით ხელახლა დაიწყება გამოძიება, რომ შეიქმნება საპარლამენტო სპეციალური კომისია და უცხოელ ექსპერტებსაც მოიწვევენ, – რა თქმა უნდა, წინგადადგმული დიდი ნაბიჯია; შევნიშნავთ იმასაც, რომ ყველასთვის აუცილებელია გამოძიებისთვის სწორი ჩვენებების მიცემა და ამის პასუხისმგებლობის  გაცნობიერება, მისასალმებელია საზოგადოების მუდმივი ჩართულობის უზრუნველყოფა, მაგრამ გასაკეთებელი სხვაც ბევრია.

ეკლესია გამაერთიანებელია და, ბუნებრივია, ყველას მშვიდობისაკენ მოვუწოდებთ. ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ უმართავი პროცესების განვითარებას, მით უმეტეს, რომ შემხვედრი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომ ხალხს მეტი თანადგომა სჭირდება, როგორც სოციალაური პრობლემების მოგვარებაში, ისე, პირველ რიგში, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულების თვალსაზრისით და ეს მხოლოდ სალარიძის საქმეს არ ეხება.

ამ მიმართულებებით ქმედითი ღონისძიებების სწრაფი წესით გატარება უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებას კარგა ხნის წინ გაჩენილი განცდა დაუცველობისა და უსამართლობისა მოეხსნას.

თუ ხელისუფლება გამოიჩენს მკაფიო პოლიტიკურ ნებას, ვფიქრობთ, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის საქმის ეფექტური გამოძიება ამ პროცესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება იქცეს,”-წერია განცხადებაში.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი