ახალი ამბები

დღეს ეს მომენტი არ არის – კვირიკაშვილი გადადგომის შესახებ

1 ივნისი, 2018 • 4196
დღეს ეს მომენტი არ არის – კვირიკაშვილი გადადგომის შესახებ

პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ მომენტში დატოვებს თანამდებობას, თუ დარწმუნდება, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანას წაადგება ან სიტუაციას განმუხტავს, თუმცა, მისივე თქმით, ეს მომენტი ახლა არაა.

პრემიერმა აღნიშნული შესახებ დღეს, 1 ივნისს, გვიან ღამით, მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

“მე ჩემი თანამდებობა არცერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს, როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემი თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, განმუხტავს სიტუაციას, არცერთი წამით არ დავფიქრდები, დღეს ეს სიტუაცია არ არის. ჩემთვის მთავარია შეკითხვებს გავცეთ პასუხი და შევინარჩუნოთ სტაბილურობა”,- თქვამ კვირიკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა იმ გეგმების შესახებ, რასაც მთავრობა აპირებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

კვირიკაშვილის თქმით, გამოძიება დაუბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქმეს უხელმძღვანელებს უშუალოდ შს მინისტრი გიორგი გახარია.

რაც შეეხება პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, პრემიერის თქმით, უახლოეს მომავალში პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება, რათა კომისიის შემადგენლობა დაამტკიცოს. მისივე თქმით, კომისიაში უმცირესობა წარმოდგენილი იქნება უმრავლესობის სახით.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ უკვე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა, როდესაც თანამდებობა დატოვა და ამგვარად არ დააყენა ეჭვქვეშ პროკურატურის რეპუტაცია.

კვირიკაშვილის თქმით, უკვე დაავალა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით და მაქსიმალური ლეგიტიმაციით, ყველა ფრაქციის მონაწილებით, ასევე სამოქალაქოს სექტორის ჩართულობით შეირჩეს ახალი პროკურორი, რომ “მისხალი ეჭვი არ არსებობდეს”.

თავად პრემიერმა გარანტია მისცა დაღუპული ბავშვების მშობლებს და ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე მიიღებენ იმ ხარისხით ინფორმაციას, როგორც თავად ისურვებენ.

“მე პირადად გავაკონტროლებ აბსოულუტურად ყველა ნაბიჯს”,- განაცხადა მან.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე გამოეხმაურა მის მიმართ საზოგადოების პროტესტს, როდესაც  პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა და სურდა, მონაწილეებისთვის სიტყვით მიემართა, თუმცა ამის საშუალება მას არ მისცეს. პრემიერის თქმით,  პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მცირე ჯგუფმა არ მისცა სიტყვით გამოსვლის საშუალება, ხოლო აქციის მონაწილეების აბსოლუტური უმრავლესობა მას პარლამენტთან დადებითად შეხვდა.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი