ახალი ამბები

თბილისის მერია – მთაწმინდაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, მშენებლობა შეჩერებულია

31 მაისი, 2018 •
თბილისის მერია – მთაწმინდაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, მშენებლობა შეჩერებულია

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, მშენებლობა შეჩერებულია.

“შეჩერებულია სამუშაოები, გამოკვლევა მოხდება როგორც დოკუმენტაციის, ასევე, კონკრეტულად ამ შემთხვევის გამომწვევი მიზეზების და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯები გადავდგათ სამომავლოდ“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

საკითხზე კომენტარი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმაც გააკეთა. მისი თქმით, სამუშაოების მწარმოებელ  კომპანიას დამატებითი დასკვნის წარდგენა დაევალა.

„ჩვენ ერთხელ უკვე დავავალეთ ერთ-ერთ მხარეს მომიჯნავე კედლის გამაგრება, ასევე დაევალებათ მეორე და მესამე მხარეს მომიჯნავე კედლის გამაგრება. კონსტრუქტორებთან, გეოლოგებთან ერთად ამ ყველაფერს გავივლით. იქნება დასკვნები და მას შემდეგ გვექნება პასუხი, ამ მშენებლობასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მივიღებთ“,- აცხადებს გიორგი ბაგრატიონი.

დღეს, 31 მაისს, თბილისში, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე, კლდე  ჩამოიშალა. ადგილზე სასტუმრო შენდება, რის გამოც კლდის ნაწილი მოჭრილია. თბილისის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი