ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა

30 მაისი, 2018 • 1996
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა

სომხეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.

საქართველოს მხრიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრს ვიცეპრემიერი,  საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა.

მისი შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი განავითარებს საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ყველა მიმართულებით.

„მივესალმებით სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ბატონი ფაშინიანის  ვიზიტს საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის პირველი ორმხრივი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. ეს ხაზს უსვამს სურვილს, რომ განვითარდეს ყველა მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის. რა თქმა უნდა, პოტენციალი დიდია ბევრი მიმართულებით და ჩვენ განვიხილავთ ამ ვიზიტისას საკითხებს, რომლებიც ეხება ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეხება კულტურულ კავშირებს, ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმატებში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი იქნება ახალი შედეგების მომტანი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის,“- განაცხადა ჯანელიძემ.

ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის  პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ასევე, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ მინისტრები თბილისის საკრებულოში დაესწრებიან სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას.  

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზოჰრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა.

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად ქვეყნის პარლამენტმა 2018 წლის 8 მაისს აირჩია

მასალების გადაბეჭდვის წესი