ახალი ამბები

აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან 1 წლისთავზე თბილისში აქცია გაიმართება

28 მაისი, 2018 • 1632
აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან 1 წლისთავზე თბილისში აქცია გაიმართება

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდამჭერ აქციას პარლამენტის შენობის წინ გამართავენ.

აქცია ხვალ, 29 მაისს, 17:00 საათზე დაიწყება. 29 მაისს ზუსტად ერთი წელი სრულდება თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი აქტივისტის და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან.

“სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ. არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ საქმის ეფექტურ გამოძიებას და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას.


აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აფგან მუხთარლი ბაქოში იყო დაკავებული, როგორც თავად ამბობდა, ქართველმა სამართალდამცავებმა მოიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.  აზერბაიჯანის გამოძიებამ აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენა, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

31 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქცია,  ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრების მიერ, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ თბილისიდან “გაუჩინარებულ” და ბაქოში დაპატიმრებულ აზერბაინაჯელ ჟურნალისტს.

1 ივნისს, თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ გაიმართა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი