ახალი ამბები

გიგი უგულავა: მთავრობამ ცეცხლი გახსნა

18 დეკემბერი, 2013 •
გიგი უგულავა: მთავრობამ ცეცხლი გახსნა

გიგი უგულავა საგამოძიებო უწყების მხრიდან წაყენებულ ახალ ბრალს, რომელიც თანხების გაფლანგვას ეხება, სიყალბეს უწოდებს და ამბობს, რომ მთავრობამ ცეცხლი გახსნა. როგორც უგულავამ მთავარი პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ მის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა დღეიდან საარჩევნო კამპანია დაიწყო.

 

“მოხდა ის, რასაც ველოდით, ორი ბრალი რაც მაქვს წაყენებული, ეტყობა არ არის საკმარისი, ახლა წამიყენეს მესამე ბრალი, განსხვავება არის ის, რომ თბილისის მაგივრად ვივლი რუსთავის სასამართლოში, ეტყობა იქ უფრო კომფორტულად გრძნობს გამოძიება თავს”.

 

“მე არ მინდა რომ არც ერთ რაიონში არც ერთ მოსამართლეს შეურაცხყოფა მივაყენო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ყველა ინსტიტუტს ვქმნიდით, ასე რომ შემდეგი ბრალი თუ მესტიაში იქნება, იქაც წავალ, თუ ზუგდიდი იქნება, ზუგდიდში ჩავალ, …. ასე მოვივლი მთელს საქართველოს, ასე ვამცნობ ხალხს იმ სიყალბის შესახებ, რომელიც დღეს მთავრობისგან მოდის”, – ამბობს უგულავა. 

 

“ამოცანა ძალიან მარტივია, ჩათვალეთ რომ დღეიდან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და სამწუხაროდ, მთავრობამ ეს კამპანია დაიწყო სიბინძურით, პროკურატურით, ბრალის წაყენებებით, დაბარებებით და დაშინებებით ჩვენი უამრავი თანამებრძოლის. მაგრამ მე მინდა ერთი რამ ვთქვა:  საპრეზიდენტი არჩევნები ამ მთავრიბამ ჩაატარა დაჭერების და დაშინების ფონზე.  სამწუხაროდ მაშინ მათ ეს შერჩათ, სიტუაცია არ იყო შესაბამისი,  ჩვენ ოპოზიციამ მივეცით მათ ამოსუნთქვის საშუალება, რადგან ეს ქვეყანას ჭირდებოდა, დათო ბაქრაძემ გამარჯვებულ კანდიდატს მიულოცა გამარჯვება, რაც საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, მაგრამ სამწუხაროდ,   ესენი მთავრობაში კი არ მოვიდნენ, მოვიდნენ მხოლოდ პროკურატურაში და გონით, რომ პროკურატურით და პოლიციით და დანიშნული გუბერნატორებით, რომლებიც პოლიციის მსტოვრები არიან , მართავენ ქვეყანას. ეს ასე ნამდვილად არ გაგრძელდება, ეს ფუფუნება მათ აღარ ექნებათ, ადგილობრივ არჩევნებზე თითოეულ გაყალბებულ ხმაზე გამოვეკიდებით და თითოეულ ხმას დავიცავთ. მათ გახსნეს ცეცხლი უზნეოდ იმის მაგივრად, რომ გზები გაწმინდონ და დააგონ”, – თქვა უგულავამ სიტყვის გამოსვლისას და დასძინა:

 

“არ მივცემ არც ერთ მათგანს უფლებას რომ მართლა აი ეს პონი  შეასაღონ თბილისს”. მას არ განუმარტავს ვინ იგულისხმა ამაში. 

 

პროკურატურამ გიგი უგულავას ბრალი წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 დამე-3 ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე  ვადით”.

 

უგულავას თებერვალში წაუყენეს ბრალი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი