ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც მის მიმართ 26 მაისის მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
“გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს უარი ვთქვი ადვოკატებზე. ყველას გაუხარდა და აიტაცეს. ხედავთ, რომ ჩემი ადვოკატები აგრძელებენ ჩემს დაცვას. მე ეს უფლება გამოვიყენე, რათა გუშინდელი სხდომა გადამედო. მე მყავს საუკეთესო ადვოკატები, მე ბედნიერი ვარ მათთან მუშაობით”, – განაცხადა მერაბიშვილმა 18 დეკემბერს.
ვანო მერაბიშვილმა 17 დეკემბერს ქუთაისის სასამართლოში აცილება მისცა ადვოკატებს და გააკეთა განცხადება მთავარი პროკურორის მხრიდან ზეწოლის შესახებ. ადვოკატების აცილების გამო გუშინდელი სასამართლო სხდომა გადაიდო.
მერაბიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას იმ ვიდეოკადრების განადგურება სურს, რომლითაც დასტურდება, რომ ის შუაღამისას მიიყვანეს სასჯელაღსულების დეპარტამენტში, სადაც მას დაემუქრა მთავარი პროკურორი:
“24 საათის წინ გავაკათე სერიოზული განცხადება. მას შემდეგ არ ჩატარებულა არც გამოძიება, არც გამოკითხვა. ძნელია საქართველოში იპოვო გამომძიებელი ან პროკურორი, ვინც ხელს მოკიდებს ამ საქმეს. მთავრობას სურს გაანადგუროს კადრები. ნებისმიერი მცდელობა იქნება ექსპერტების მიერ აღმოჩენილი და დაფისქირებული”.
ვანო მერაბიშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა გიგი უგულავას და განაცხადა, რომ მას დაპატიმრება ელოდება.
“ვანო მერაბიშვილმა, გამომდინარე იქიდან, რომ მის მიმართ უშუალოდ მთავარი პროკურორის მიერ ხორციელდება შანტაჟი და მუქარა, განაცხადა უარი სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე, და ეს ბრალდებულის უფლებაა, და ამავე დროს მის დამცველებს აუკრძალა დაცვის განხორციელება. ბრალდებულის უფლებაა თავი დაიცვას თავად და მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით. მან გამოთქვა სურვილი, რომ ექსტრაორდინარული ვითარების გამო მისი პროცესი აღარ გაგრძელებულიყო. სასამართლო პროცესი გადაიდო 25 დეკემბერამდე,”- განუცხადა ადვოკატმა ოთარ კახიძემ ნეტგაზეთს 17 დეკემბერს.
ამჟამად სასამართლო სხდომას ესწრებიან მერაბიშვილის ადვოკატებიც.