ახალი ამბები

ველოდები პროკურატურის გამჭვირვალე პოზიციას – კალაძე ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე

28 მაისი, 2018 • 2213
ველოდები პროკურატურის გამჭვირვალე პოზიციას – კალაძე ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე

თბილისის მერი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ამბობს, რომ პროკურატურის მკვეთრ და გამჭვირვალე პოზიციას ელოდება ისე, რომ არავის კითხვის ნიშნები ან უკმარისობის გრძნობა არ დარჩეს საზოგადოებაში:

“მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიზიaრებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებული..
მაგრამ იცით, რა მახსოვს? როცა პირველად ვნახე გამწარებული დედა – ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე მხოლოდ ათიოდე მოქალაქე გამოსული. კიდევ იცით, რა მახსოვს? მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია და ამ დანაშაულის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და იმ საშინელებას რომ შეცდომას უწოდებენ დღესაც კი.

ახლა “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებები – ესაა არა მარტო სარალიძეების და გირგვლიანების ოჯახებისადმი ცინიკური დამოკიდებულება. რამდენადაც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, იმდენად გაკვირვებული ვარ ამ ამორალური პირების დამოკიდებულებით საზოგადოების მიმართ. არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი. სამწუხაროდ, ირინამ სამართალი ვერ იპოვა რეჟიმის პირობებში. მეც თქვენთან ერთად ველოდები პროკურატურის მკვეთრ და გამჭვირვალე პოზიციას ისე, რომ არავის კითხვის ნიშნები ან უკმარისობის გრძნობა არ დარჩეს საზოგადოებაში”.- წერს კალაძე. 

ზაზა სარალიძემ, რომლის არასრულწლოვანი შვილი გასულ წელს თბილისში მოკლეს, გუშინ,27 მაისს, პარლამენტის შენობასთან აქცია გამართა. ის შვილის მკვლელობის სრულყოფილად გამოძიებას მოითხოვს. აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და სხვა მოქალაქეები.

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბი, რა დროსაც ორი არასწრულწოვანი მოკლეს, ერთ-ერთი გახმაურებელი საქმეა.


  • 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
  • ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
  • პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვნებს შორის დანაშაულების პრევენციისთვის.
  • 3 დეკემბერს, 51-ე სკოლასთან აქცია გაიმართა არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად . მოქალაქეები მეორე დღეა 51-ე სკოლასთან მიდიან – ისინი მოკლული ბავშვების ხსოვნას ყვავილებითა და სანთლებით სცემენ პატივს.
  • საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამაა, 3 დეკემბერს საგამოძიებო უწყებას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. პროკურატურამ მისი მოთხოვნა 4 დეკემბერს დააკმაყოფილა და გაათავისუფლა სამსახურიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი