ახალი ამბებიეკონომიკა

ძველი სესხის 1.65 კურსით გადახდა და “საეჭვო ვალის” 2 წლით გაყინვა – სააკაშვილის დაპირებები

28 მაისი, 2018 • 5605
ძველი სესხის 1.65 კურსით გადახდა და “საეჭვო ვალის” 2 წლით გაყინვა – სააკაშვილის დაპირებები

მიხეილ სააკაშვილმა საბანკო დავალიანებების თემასთან დაკავშირებით 2 დაპირების შესახებ განაცხადა, რომელსაც მესამე პრეზიდენტის თქმით, აუცილებლად შეასრულებს, როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან წავა.

  1. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველა ის მოქალაქე, ვინც საბანკო ვალი იმ დროს აიღო, როდესაც დოლარის კურსი ლართან 1.65 იყო, გადახდას არა დღევანდელი, არამედ ძველი კურსით გააგრძელებს.
  2. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შეიმუშავებს “საეჭვო ვალების რეესტრს” და იმ ადამიანების საბანკო ვალებს, რომლებიც ამ რეესტრში მოხვდებიან, 2 წლით გაყინავს. მორატორიუმის დასრულების შემდეგ კი ეს ადამიანებიც ძველი კურსით გააგრძელებენ მის დაფარვას.

სააკაშვილმა რ2-ის გადაცემა კვირის აქცენტებში თქვა, რომ მსგავსი რამ ვიქტორ ორბანმა გააკეთა უნგრეთში. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო სამართლის ფარგლებში ივანიშვილს “დანაშაულებრივ აქტივებს ჩამოართმევს და საკრიზისო ფონდში შეიტანს”. სააკაშილის თქმით, ზემოხსენებულ დაპირებებს სწორედ ამ ფონდის მეშვეობით შეასრულებს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ “საეჭვო ვალების რეესტრის” საკითხზე სერტიფიკატების გაცემას მომავალი კვირიდან იწყებენ. მისი განმარტებით, ეს იქნება ობლიგაციის ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განაღდდება.

“ჩვენ ხალხს, ვინც  ვალი ძველი კურსით აიღო , ჩემი პრეზიდენტობის დროინდელი კურსით (1.65) გადავახდევინებთ. მე მინდა ვუთხრა ყველა ბანკს, იქნება – 1.65, როგორც ორბანმა გააკეთა უნგრეთში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

“ჩვენ უნდა ვთქვათ, აგერ, არის ფონდი, როგორც უნგრეთში მოხდა.  მაშინ, როცა აიღეს ეს კრედიტები, კურსი იყო 1.65. ახლა არის 2.5. უნდა დავუბრუნდეთ იმ კურსის თემას და როცა აიღო 1.65-ით, ეს არის სახლების, ბიზნესის კრედიტები, უნდა გაისტუმრონ 1.65-ით. ეს არის და ეს. ამის გაკეთებას მეორე დღესვე დავიწყებთ.

რაც შეეხება უსამართლო ვალების რეესტრს, ამის აღრიცხვას უკვე გავაკეთებთ და თითოეულ ადამიანზე გავცემთ სერტიფიკატს, რომ ნამდვილად დადასტურებულია, რომ ეს არის უსამართლო ვალები. ამის გასტუმრებაზე უნდა გამოცხადდეს 2-წლიანი მორატორიუმი. როდესაც გაისტუმრებს, ეს ძველი კურსით უნდა გააკეთოს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მას არ დაუკონკრეტებია, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ადამიანმა იმისათვის, რომ მისი კრედიტი “საეჭვო ვალად” შეფასდეს. სააკაშვილს არც რიცხვებზე უსაბრია, კონკრეტულად რა თანხა დაჯდება ეს ყველაფერი და რამდენად რეალისტურია ეს დაპირებები.

“მე ჯერ არაფერი მითქვამს ჩემი ხალხისთვის ისეთი, რაც არ გამიკეთებია.  ვარდების რევოლუციის წინ ჩვენი დაპირებები იმის მეასედი იყო, რაც მერე გავაკეთეთ”, – განაცხადა სააკაშვილმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი