ნეტგაზეთი | “დავივიწყოთ პარტიები, შევქმნათ 5-5-კაციანი ჯგუფები” – სააკაშვილის ახალი ინიციატივა “დავივიწყოთ პარტიები, შევქმნათ 5-5-კაციანი ჯგუფები” – სააკაშვილის ახალი ინიციატივა – Netgazeti
RU | GE  

“დავივიწყოთ პარტიები, შევქმნათ 5-5-კაციანი ჯგუფები” – სააკაშვილის ახალი ინიციატივა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატივით გამოდის, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის თქმით, “ქართველი ერის თავდაცვის ორგანიზაცია” უნდა ერქვას. ამის შესახებ სააკაშვილმა რ2-ის გადაცემა კვირის აქცენტებში ისაუბრა.

მისი თქმით, ივანიშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად სრულიად ახალი ხალხია საჭირო.

“ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ბევრი ახალი ხალხი და თქვენ თქვით, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება. რა დაბრუნება, ვერავინ ვერ დაბრუნდება, საერთოდ ახალი ხალხი უნდა მოვიდეს. რა დაბრუნება, თქვენ გგონიათ, ძველი სახეები, რომლებიც  ჩვენ დროსაც, ბოდიშს ვიხდი, ცოტა გასუქდნენ- ეს ჩემს თავზეც შემიძლია ვთქვა, თუმცა ახლა მოვიშორე ეს ზედმეტი ჭარბი წონა- ის ხალხი, რომელიც გაბიუროკრატდა, ის უნდა დაბრუნდეს? უნდა მოვიდეს ახალი ხალხი. მე თქვენ გეტყვით, როგორ უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა სააკაშვილმა. მან ასევე თქვა, რომ ივანიშვილმა ქვეყანა განადგურების პირას მიიყვანა. სწორედ ამის წინააღმდეგ უნდა იბრძოლს იმ ახალმა ორგანიზაციამ, რომელიც სააკაშვილის თქმით, საქართველოში უნდა დაფუძნდეს.

რაც შეეხება ბრძოლის მეთოდებს, სააკაშვილის თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მოქმედებები. მისი განმარტებით, ორგანიზაციის შიგნით უნდა შეიქმნას 5 ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფები, რომელთა ამოცანა დანარჩენ საზოგადოებამდე სიმართლის მიტანა და ხელისუფლების საქმიანობის მხილება იქნება.

“უნდა შეიქმნას ქართველი ერის თავდაცვის ორგანიზაცია, დემოგრაფიული თავდაცვის, ფიზიკური თავდაცვის, სამოქალაქო თავდაცვის, დემოკრატიის თავდაცვის, სამართლებრივი თავდაცვის. ეს, ცხადია, მშვიდობიანი ორგანიზაცია უნდა იყოს. ჩვენ ივანიშვილს ვერ მოვუგებთ ფულით, პარტიული სტრუქტურებით, კოორდინატორებით, მაყვალა დეიდებით და ელგუჯა ბიძიებით, რომლებიც მას 100 000 ჰყავს და ყოველ არჩევნებზე უხდის ფულს, რომ კიდევ 10-10 ადამიანი მოიყვანონ. ამით ვერ მოვუგებთ. ჩვენ მას უნდა ვებრძოლოთ ასიმეტრიულად, პოლიტიკურად. ჩვენ უნდა შევქმნათ ქართველი ერის ზეპარტიული თავდაცვის ორგანიზაცია. დავივიწყოთ პარტიები, უნდა შევქმნათ 5-5-კაციანი ჯგუფები, ყველა 5-კაციან ჯგუფს უნდა ჰყავდეს სამოქალაქო მეთაური”, – ამბობს სააკაშვილი და ზემოხსენებული 5 ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფის ფუნქციებს ასე განმარტავს:

“რა არის ხუთკაციანი ჯგუფი? ადამიანი სმარტფონით, ერთი მაინც უნდა იყოს ისეთი, რომელსაც აქვს სმარტფონი და შეუძლია მსოფლიოსთან დაკავშირება, ვიდეოების გადაღება, ინფორმაციის გაცვლა. ერთი ადამიანი დაარიგებს პლაკატებს და გაზეთებს, ერთი ადამიანი იქნება მანქანის მძღოლი, ერთ ადამიანს ექნება კონტაქტი სხვა ჯგუფებთან და ერთი – სამოქალაქო მეთაური. საქართველო უნდა გაიყოს ასობით და ათასობით 5-5-კაციან ჯგუფებად. ჩვენ ამისათვის არ გვჭირდება პარტიული ლიდერები, ძველი თანამდებობის პირები, ჩვენ არ გვჭირდება რომელიმე ტელევიზია, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათ შორის არც თქვენი ძალიან მაგარი ტელევიზია. ჩვენ გვჭირდება სმარტფონი, ჩვენ გვჭირდება, პატრიოტი, მოტივირებული 5-5-კაციანი ჯგუფები, რომლებიც შექმნიან ფრონტს ოლიგარქის მიერ საქართველოს განადგურების წინააღმდეგ”, – ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, ეს 5-5-კაციანი ჯგუფები დეცენტრალიზებული უნდა იყოს და ამ პროცესში ქალებიც უნდა ჩაერთონ და კაცებიც.

გადაცემის წამყვანის,  ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, როდიდან იწყება ეს პროცესი, სააკაშვილმა უპასუხა, რომ დღეიდან.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com