ახალი ამბები

ენგურჰესი სრულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ამუშავდება – სადგურის ტექნიკური დირექტორი

25 მაისი, 2018 • 3550
ენგურჰესი სრულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ამუშავდება – სადგურის ტექნიკური დირექტორი

ენგურჰესის სადგურის ტექნიკური დირექტორის, გია ხუბუას განცხადებით, სამანქანე დარბაზის ქვედა სართული 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე წყლით არის დაფარული და სავარაუდოდ სატურბინე წყალსატარის მილია დაზიანებული, რის გამოც ჰესის ძირითადი აგრეგატები მთლიანად გაჩერებულია. კომენტარი პირველმა არხმა გაავრცელა.

გია ხუბუამ პირველ არხს უთხრა, რომ ელექტროსადგურის სრული დატვირთვით ამუშავებას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ენგურჰესის ავარიასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა.

აფხაზეთში, ენგურჰესზე ხუთიდან ხუთივე აგრეგატი დაიტბორა. აფხაზური მხარის ცნობით, ენგურჰესზე 24 მაისს მომხდარმა ავარიამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა აფხაზეთის სამი – ოჩამჩირის, გალის რაიონის ნაწილი და გულრიფშის რაიონი:

“ავარიის შედეგები ჯერ არ არის აღმოფხვრილი, საჭირო სამუშაოები გრძელდება”.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური ავარიულად 24 მაისს 20 საათზე და 11 წუთზე გამოირთო, რამაც ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია და ქვეყნის რამდენიმე რეგიონი და თბილისის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

ენგურჰესის გენერატორები აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, თაღოვანი კაშხალი კი- თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჰიდროელექტროსადგურზე გეგმური რეაბილიტაცია 2018-2021 წელს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი