ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი საქართველოს პირველად ეწვია

25 მაისი, 2018 •
სომხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი საქართველოს პირველად ეწვია

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი.

სომხეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დახვდა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები ასეთი მაღალი დონის დელეგაციებით სტუმრობენ თბილისს, რათა ჩვენთან ერთად იზეიმონ პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი. სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტს ორმაგი დატვირთვა აქვს, ეს იქნება სომხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში. რამდენიმე დღეში ჩვენი სომეხი მეგობრებიც ასევე იზეიმებენ თავიანთი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს და ვსარგებლობ შემთხვევით და მათაც ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ერთად, თანამშრომლობით ბევრის მიღწევა შეგვიძლია და სომხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის პირველი ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სომხეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

2018 წლის 2 მარტს, 90 ხმით 10 წინაააღმდეგ, სომხეთის პარლამენტის დეპუტატებმა, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტად არმენ სარქსიანი 7 წლით აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი