ახალი ამბები

სენატორებმა მაკკეინმა და მერფიმ უკრაინელ ხალხს სიტყვით მიმართეს

15 დეკემბერი, 2013 • • 1460
სენატორებმა მაკკეინმა და მერფიმ უკრაინელ ხალხს სიტყვით მიმართეს

“მე რესპუბლიკელი ვარ, სენატორი მერფი კი დემოკრატი, მაგრამ ჩვენ აქ ერთად ვართ იმისთვის, რომ გითხრათ ამერიკელი ხალხის სათქმელი, რომელიც სოლიდარობას გიცხადებთ. აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ თქვენი მშვიდობიანი პროტესტი შთააგონებს ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოს. აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ თქვენს სამართლიან განწყობას, უკრაინის სუვერენულ უფლებას, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი ბედისწერა თავისუფლად და დამოუკიდებლად. თქვენი ბედისწერა კი ევროპაა. უკრაინა ევროპას უკეთესობისკენ შეცვლის, ევროპა კი უკრაინას შეცვლის უკეთესობისკენ. მინდა ვუთხრა ყველა უკრაინელს- ამერიკა თქვენ გვერდით დგას. ნება მიბოძეთ, განსაკუთრებულად მივმართო ავღანელ ვეტერანებს, რომლებიც აქ მაიდანზე არიან შეკრებილი, მადლობა ომში მსახურობისთვის და მადლობა ახლანდელი მისიის გამო, რომელსაც მშვიდობისთვის ასრულებთ. ასევე მინდა მივმართო ახალგაზრდა პოლიციელებს, პატივს ვცემ თქვენს სამსახურსა და მოთმინებას, გვინდა გთხოვოთ, რომ ყოველთვის მისდიოთ თქვენს მოვალეობას, რაც თანამემამულეების დაცვას გულისხმობს. უკრაინელო ხალხო, ეს თქვენი დროა. ეს გეხებათ თქვენ და არავის სხვას. ეს ეხება მომავალს, რომელიც თქვენი ქვეყნისთვის გსურთ და რომელსაც იმსახურებთ, მომავალი ევროპასთან, მშვიდობიანი მომავალი და კარგი ურთიერთობები ყველა თქვენს მეზობელთან. თქვენ გვერდითაა თავისუფალი სამყარო. თქვენ გვერდითაა ამერიკა, თქვენ გვერდით ვარ მე”,- განაცხადა მაკკეინმა. 

 

სენატორმა კრის მერფიმ განაცხადა, რომ უკრაინის მომავალი ევროპასთანაა და ამერიკის შეერთებული შტატები ამ საკითხში უკრაინის გვერდით დგას:

 

“ვამაყობ, რომ აქ ვარ დიდ გმირთან, სენატორ მაკკეინთან ერთად მოვედით, რომ გითხრათ, ამერიკელი ხალხი და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი თქვენ გვერდით დგანან. ისტორიაში არის მომენტები, როდესაც ერი არჩევანის წინაშე დგება. წარსულსა და ახალ დიდებულ მომავალს შორის. უკრაინის მომავალი ევროპასთანაა და აშშ უკრაინის გვერდით დგას. მე მაქვს გზავნილი ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომლებიც აქ არიან შეკრებილი- გზა ცვლილებებისკენ მშვიდობიან პროტესტზე გადის და ამერიკაში კარგად ვიცით, რომ ძალადობის მიუხედავად, რასაც ამ მოედანზე ჰქონდა ადგილი, თქვენ კვლავ მშვიდობიანად გააგრძელეთ ცვლილებების მხარდაჭერა. ჩვენ გვყავს დიდი ამერიკელი რეფორმატორი მარტინ ლუთერ კინგი, მას აქვს ასეთი გამონათქვამი- ისტორიის თაღი სამართლიანობის მხარეს იხრება, მაგრამ ხალხი ხრის ამ თაღს, ხალხი ახდენს ცვლილებებს. თქვენ აქ ისტორიას ქმნით. ვიცით, რომ ცვლილებები ადვილი არ იქნება, მაგრამ თუ თქვენ წარმატებულები იქნებით, აშშ გვერდით დაგიდგებათ”. – განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ უკრაინაში საპროტესტო აქციები დაიწყო. სამიტის ფარგლებში უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოეწერა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ის რუსეთის წინაშე მარტოა.

 

უკრაინაში დაწყებული პროტესტი არაერთხელ დაარბიეს ძალდობრივად, რის გამოც დაწყებულის გამოძიება. აქციის მონაწილეები ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი