ახალი ამბები

ელექტროავტობუსების იმპორტი დღგ–სგან გათავისუფლდეს – კალაძის ინიციატივა

24 მაისი, 2018 •
ელექტროავტობუსების იმპორტი დღგ–სგან გათავისუფლდეს – კალაძის ინიციატივა

თბილისის მერიის ინიციატივაა, რომ ელექტროავტობუსების და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი და ადგილობრივი მიწოდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს.

მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი წინადადებით საქართველოს პარლამენტს მიმართავენ. ინიციატივის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი უკვე განხილულია ფინანსთა მინისტრთან.

„მინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, რომლის თაობაზე უკვე მქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან. ერთობლივად განვიხილეთ და შევჯერდით, რომ პარლამენტს შევთავაზოთ ჩვენი წინადადება ცვლილებებთან დაკავშირებით. გვინდა, რომ  ელექტროავტობუსები და ელექტრომიკროავტობუსები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების შემთხვევაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ ინიციატივას საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს.

„აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ბაზარზე ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების წილის ზრდას, როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ასევე, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით. ეს ჩვენი მხრიდან ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში ამ საკითხს განიხილავენ და დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი