ახალი ამბებისაზოგადოება

თავისუფლებასა და რუსთაველზე 27 მაისამდე ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება

23 მაისი, 2018 • 1707
თავისუფლებასა და რუსთაველზე 27 მაისამდე ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 24-25 და 26 მაისს, თბილისში, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.

ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მერიაში აცხადებენ, რომ 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება თბილისში, ბარათაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით, ხოლო კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ პუშკინის ქუჩისკენ.

შესაბამისად, ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის აღმართი) ქუჩის გავლით.

გარდა ამისა, კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩაზე მობრუნდება და უკუმიმართულებით სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

25 მაისს კი, მერიის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება. აქედან გამომდინარე, ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ და უკუმიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებს.

რაც შეეხება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრანსპორტისთვის დამატებით ჩაიკეტება ბარათაშვილის ქუჩაც. ამდენად, ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯავახიშვილის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაივლის, შემდეგ ბარათაშვილის ხიდზე აუხვევს და ავლაბრის მოედანზე მობრუნდება.

ქეთევან წამებულის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავლაბრის მოედანზე მობრუნდება და უკუმიმართულებით იმოძრავებს, ხოლო ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაივლის, მშრალ ხიდზე აუხვევს, შემდეგ ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება და სვლას უკუმიმართულებით განაგრძობს.

სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდებიან, მოძრაობას ზაარბრიუკენის მოედანზე დაასრულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი