12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ კლუბი Bassiani დღეს პირველად გაიხსნა. კლუბის მფლობელები იურისტებისა და პოლიციის თანხლებით Bassiani-ს ტერიტორიას 2 საათის გნამავლობაში ათვალიერებდნენ. კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი ამბობს, რომ პირველადი დათვალიერებით კლუბში ტექნიკა დაზიანებული არაა, თუმცა უნდა ჩატარდეს ინვენტარიზაცია.
კლუბის მფლობელები ვარაუდობენ, რომ Bassiani ფუნქციონირებას ივნისიდან განაახლებს.
“ბასიანი” და “გალერი” 12 მაისიდან დალუქული იყო. გუშინ, 22 მაისს “კაფე გალერი” გაიხსნა. პარალელურად, 27 მაისისთვის თბილისში დაანონსდა აქცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სხვა მოთხოვნებთან ერთად, სწორედ “ბასიანის” გახსნა იყო. ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა აქცია კვირას.
სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავეს.