დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმცირესობა დეზინფორმაციას ავრცელებს, რის გამოც გადაწყვიტა საზოგადოების დამატებითი ინფორმირება მოეხდინა:
“სახელმწიფო ბიუჯეტის თაობაზე მინდა საზოგადოებისთვის დავაზუსტო, თუ რა სახის ბიუჯეტი მივიღეთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საფინანსო დოკუმენტის ირგვლივ ფართო მსჯელობა იყო გამართული, მიმაჩნია, რომ გარკვეული განმარტებების გაკეთება მაინც აუცილებელია, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან გარკვეული დეზინფორმაციები მიდის. 2014 წლის ბიუჯეტი არის ყველაზე გამჭვირვალე, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში მომზადებულა და მასში გაწერილია ყველა ხარჯი, მათ შორის ვალები და სხვა ხარჯების მუხლებიც. პარლამენტმა იცის, თუ რა მიმართულებით დაიხარჯება თითოეული ლარი და აბსოლუტურად ყველა ხარჯი, შესაბამისად, ვიცით თუ რა მოვთხოვოთ მთავრობას ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო აგრძელებს ძირითადი აქცენტების შენარჩუნებას და მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას”.
ონოფრიშვილი სახელმწიფოს ვალის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი ამ თანხებს გაისტუმრებს:
“მიმდინარე წელს ქვეყნის საშინაო და საგარეო ვალი 35.3%-ია. გასულ წელს აღნიშნული 34.7%-ს შეადგენდა, ხოლო 2010 წელს მთავრობის ვალის მოცულობა 42.4% იყო. ჩვენ გადამხდელები ვართ. ამ ვალის გასტუმრება შეიძლება და ამაში საპანიკო არაფერი არის. ამ ბიუჯეტსა და მომავალ ბიუჯეტებსაც შეეძლება ამ ვალების გასტუმრება.”
დეპუტატემა ასევე უკვე განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა:
“გაიზარდა პენსიები, სოციალური დახმარება, გვაქვს საყოველთაო დაზღვევა, მოსწავლეებს წიგნები უფასოდ აქვთ, ბაგა-ბაღებში გადასახადი მოიხსნა, ხოლო უნივერსიტეტებში პროფესიების გარკვეულ რაოდენობაზე სწავლა უფასოა. განხორციელებული პროგრამებით თითოეულ ოჯახში მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვა მოხერხდა,”- აღნიშნა ონოფრიშვილმა.