ახალი ამბები

სტრასბურგში საქმეზე”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” მოსმენა იმართება

23 მაისი, 2018 • 2097
სტრასბურგში საქმეზე”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” მოსმენა იმართება

დღეს, 23 მაისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” (საქმე II) ზეპირი  მოსმენა იმართება.

საქმეს იხილავს დიდი პალატა, რომელსაც ევროსასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მხარე მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციით წარდგება რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოსა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს მიმართ ჩადენილი დარღვევების ევროსასამართლოს წინაშე დასადგენად.

სამინისტროს ცნობით, დღევანდელ ზეპირ მოსმენაზე სასამართლო განიხილავს კომპლექსურ საკითხებს, მათ შორის, რამდენად ექცევა რუსეთის იურისდიქციის ფარგლებში აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევები; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების გათვალიწინებით, რამდენად ექცევა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად წარდგენილი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვის სტანდარტებში; შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის საკითხი.

“საქართველო ამტკიცებს, რომ ომისა და ომისშემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევები რუსეთის იურისდიქციაში ექცევა და ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: რუსეთის მიერ დე ფაქტო რეჟიმების სამხედრო პერსონალის მომზადება; მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნა; ფინანსური და ეკონომიკური დახმარების გაწევა; „პასპორტიზაცია“ და უვიზო მიმოსვლის შემოღება; რუსული კანონმდებლობის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელება; რუსების სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა; რუსული წვრთნები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომლებიც აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე სამხედრო მოქმედებების გეგმის ფარგლებში ჩატარდა; აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და სხვა,” – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგში 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა, 2009 წლის 6 თებერვალს კი, საქართველომ წარადგინა დაზუსტებული საჩივარი; სტრასბურგის სასამართლომ, 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს საჩივარი მისაღებად ცნო, არსებითი მხარის წინასწარი გადაწყვეტის გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი