ახალი ამბები

ხვამლის მთაზე, ლეჩხუმში, თვითნებური არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

21 მაისი, 2018 •
ხვამლის მთაზე, ლეჩხუმში, თვითნებური არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

ფეისბუკზე გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალის მიხედვით, ლეჩხუმში, ხვამლის მთაზე, წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ ადგილზე ინსპექცია ჩასულია და საქმეში სამართალდამცავებსაც ჩართავენ.

გავრცელებულ ვიდეოში, სადაც თვითნებური არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, მონაწილე პირები ამბობენ, რომ ტაძართან დაკავშირებულ სამუშაოებს ატარებენ. კადრებში ჩანს მძიმე ტექნიკაც. მათივე თქმით, ეს “წინასადღესასწაულო ღონისძიებებია და საღვთო საქმეს აკეთებენ”. მათივე თქმით, ლეჩხუმის სოფლებიდან შეიკრიბნენ ადამიანები და ამ სამუშაოებით ხვამლობისთვის ემზადებიან.

სააგენტოს ცნობით, მათთვის უცნობია, ვინ ატარებს ადგილზე თვითნებურ სამუშაოებს, სწორედ ამის გასარკვევად გაემგზავრა ადგილზე ინსპექცია.

ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე  სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა  დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი