ახალი ამბები

პარლამენტმა 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

11 დეკემბერი, 2013 •
პარლამენტმა 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

“ვულოცავ მთავრობას, რომ პარლამენტმა შეძლო წარმოდგენილი ბიუჯეტის დამტკიცება და იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის განმავლობაში სულ ასეთ გაღიმებულ ფინანსთა მინისტრს ვიხილავთ, როგორც ახლაა,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

 

ბიუჯეტის პროექტის განხილვასა და კენჭისყრაში საპარლამენტო უმცირესობას მონაწილეობა არ მიუღია, რადგან მათ დღეს სოსო ჯაჭვლიანსა და გია ბარამიძეს შორის მომხდარი ინცინდეტის გამო პროტესტის ნიშნად საპარლამენტო მუშაობა შეწყვიტეს.

 

დამტკიცებული პროექტის თანახმად, 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 9  მილიარდი ლარია, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი 29,3 მილიარდ ლარს შეადგენს. 

 

ნოდარ ხადურის თქმით, ბიუჯეტის პროექტში პარლამენტის გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებულია. როგორც ხადური განმარტავს, იწყება ბიზნესის წახალისებაც:

 

“ჩვენ გავითვალისწინეთ ძალიან ბევრი შენიშვნა, რომელიც პარლამენტმა გამოთქვა განხილვების პროცესში. 2 თვე მიმდინარეობდა განხილვა. ბიუჯეტმა მიიღო საბოლოო სახე, თუმცა, ცხადია, პრიორიტეტები იგივეა, ეს არის: სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო ცვლილებებია შესული იმ მიმართულებით, რომ ჩვენი ბიუჯეტი იწყებს ბიზნესის წახალისებას. ამისთვის ორი მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ერთი, სახაზინო ვალდებულებებით მიღებულ შემოსავლებს განვათავსებთ საბანკო ანგარიშებზე და ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ გრძელვადიანი კრედიტი მისცენ, და მეორე: საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გაეზრდება დაფინანსება, რომელიც ბიზნესის, ე.წ. სტარტაფების დაფინანსებას მოხმარდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი