ახალი ამბებიხელოვნება

“Oxygen” – საბჭოთა მუშტი ბატუტზე და თანამედროვე ქართველი არტისტების სხვა გზავნილები

21 მაისი, 2018 • 3708
“Oxygen” – საბჭოთა მუშტი ბატუტზე და თანამედროვე ქართველი არტისტების სხვა გზავნილები

სასტუმრო “სტამბის” საგამოფენო სივრცეში თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილი გამოფენა “ოქსიგენი” დასრულდა.  4 დღის განმავლობაში სასტუმროს სართულები სხვადასხვა გამოცდილებისა და ხედვების მქონე არტისტებს დაეთმოთ, რომელთაც, ჯამში, 33 სოლო გამოფენა და 2 შემოქმედებითი სკოლის ჯგუფური ექსპოზიცია წარმოადგინეს.

მხატვარი ნინო საკანდელიძე გამოფენას ანა გაბელაიასთან ერთად კურირებდა, თუმცა ერთ-ერთი სივრცე მის მიერ შექმნილ ექსპოზიციასაც ეკავა. სხვა ნამუშევრების მსგავსად, თანამედროვე ხელოვნების ერთი შეხედვით უცნაური ნიმუშის თითოეულ ელემენტს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და ჯამში, შეიქმნა მთლიანობა, რომელსაც ავტორმა “Workout Fear” უწოდა.

ნინო საკანდელიძე 2009 წელს საბჭოთა ქანდაკებების ფრაგმენტების შეგროვებამ გაიტაცა. ერთ-ერთი მათგანი მოცემულ ექსპოზიციაშიც გამოიყენა: ოდესღაც ერთ-ერთი ქანდაკების ნაწილი – მუშტი – ბატუტზეა განთავსებული, გარშემო კი შეღებილი მინები აკრავს. ავტორის თქმით, სურდა, ნამუშევრით თავისუფლების იდეა წარმოედგინა, რომელიც ხშირად საკამათო და იმაზე შორია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

“ვფიქრობ, ექსპოზიცია თავისუფლების კონტრავერსიულობას უსვამს ხაზს. ბატუტი – რომელიც თავისუფლების სიმბოლოა და მუშტი, რომელიც მას ეწინააღმდეგება. გამჭვირვალე შუშაში იხედები და გგონია, შეაღწევ, თუმცა სულ რაღაც გიშლის ხელს. სწორედ ამ წინაღობებზე და დესტრუქციებზეა ნაშრომი; ცდილობ, მიაღწიო, თუმცა იქამდე ვერ მიდიხარ”, – აღნიშნავს ავტორი.

ნინო საკანდელიძე თავის ნამუშევართან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ნინო საკანდელიძე ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ აჩრდილად თანმდევი საბჭოთა წარსულის შემხედვარე, მის სკულპტურულ გადმონაშთებთან მსგავსი ფორმებით ურთიერთობა უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე მათი ერთი ხელის მოსმით ნგრევა:

“ამ მენტალიტეტიდან გამოსასვლელები ვართ და ვფიქრობ, რომ მასთან ამ ფორმით ურთიერთობა, როგორიც არის აღება, დამტვრევა, გაცილებით ადვილია, ვიდრე მასთან საუბარი და მისგან რაღაცის გამოყვანა. რეალურად, ეს ხელები(მუშტი) აქ მისი პირველადი არსის დაკარგვის მცდელობაა. ის დღეს უკვე აქ დგას და არის თანამედროვე ხელოვნებაში ინტეგრირებული. სჯობს, ეურთიერთო, რომ თავი დააღწიო. როცა თვალს გაუსწორებ იმ იდეებს, რომელთა თავიდან აცილებაც გინდა, ეს მიუღწეველი თავისუფლებაც მიღწევადი გახდება”.

ბატუტზე განთავსებული საბჭოთა ნამსხვრევიდან რამდენიმე ოთახის მოშორებით მორიგი ექსპოზიცია ჩვენს დროში მცხოვრები, ცოცხალი ადამიანის მონაწილეობით იყო წარმოდგენილი. გერმანიაში მოღვაწე არტისტმა თეა გვეტაძემ საკუთარი სივრცე დაუთმო მას, ვისკენაც საქართველოში ვიზიტისას გული ყველაზე მეტად მიუწევს და ნავთლუღის ბაზრობაზე მომუშავე მემწვანილის ერთი დღის წარმოდგენას შეეცადა; თავად მემწვანილესა და მის “აღჭურვილობასთან” ერთად.

“ქალბატონი მინაია ვიპოვე ნავთლუღის ბაზარში. ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ცოცხალი ადგილია, რაც კი მინახავს თბილისში. იცით, რომ იქ მემწვანილეების ზღვაა. დიდხანს ვეძებდი ტიპაჟს და ბოლოს წავაწყდი ამ ადამიანს, რომელიც ასე ღირსეულად აკეთებს თავის საქმეს. მემწვანილეების ბუდასავით არის: თავის საქმის პროფესიონალია, ძალიან თბილიც არის და გარკვეული დისტანციაც აქვს შენთან, ასე ღიად არ გიშვებს. როცა გვერდზე მჯდომმა მეზობელმა უთარგმნა, თუ რა მჭირდებოდა, დამთანხმდა მოსულიყო თავისი ნივთებით: მაგიდა, სკამი და ახალი მწვანილი ყოველდღე”, – უთხრა თეა გვეტაძემ “ნეტგაზეთს”.

თეა გვეტაძე თავისი ექსპოზიციის გმირთან ერთად. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ექსპოზიციის სათაური “Naveed” სპარსული სიტყვაა და ქართულად “კარგი ამბების მომტანს” ნიშნავს. სწორედ ასეთად მიიჩნევს ავტორი ექსპოზიციის მთავარ გმირს. აღწერა კი, რომლითაც დამთვალიერებელი ექსპოზიციის შესახებ იღებს ინფორმაციას, თეა გვეტაძემ 4-სტროფიან პოეზიაში მოაქცია – ბაბუის, ცისფერყანწელ რაჟდენ გვეტაძის ლექსში “ჩოჩორი”, რომელშიც პატრონის მიერ ახლად გაყიდულ, დანაღვლიანებულ და დაღლილ ჩოჩორს სოფლიდან ქალაქში, ბაზრობაზე დაატარებენ. მხატვარმა მისი ნამუშევრის ხასიათი სწორედ აღნიშნულ ლექსში იპოვა.

თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენის ორგანიზატორი სახელოვნებო ორგანიზაცია “პროპაგანდა” იყო. მისი დამფუძნებელი თინათინ ასათიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ცდილობს,  სივრცე დაუთმოს თანამედროვე არტისტებს, რომელთათვისაც სახელმწიფო დიდად არ ირჯება.

“წელიწადზე მეტი ხნის წინ დავაარსეთ ეს ორგანიზაცია. მივხვდით, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო არ ინტერესდება თანამედროვე ხელოვნებით, მაშინ,როცა საკმაოდ ბევრია გასაკეთებელი.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და მცირე ანაზღაურებითაც ვაკეთებთ კვლევით პროექტს, რომელსაც ჰქვია თანამედროვე ხელოვნების არქივი. ეს გულისხმობს ფიზიკურ და ვირტუალურ არქივს. გავაკეთეთ ვებსაიტი, სადაც თავმოყრილი იქნება თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები დეკადების მიხედვით(70-იანები, 80-იანები და ა.შ.), ინფრომაცია არტისტების შესახებ და ეპოქის მიმოხილვა”, – აცხადებს თინათინ ასათიანი.

მისივე თქმით, ღონისძიება, ისევე როგორც ორგანიზაციის სხვა პროექტები, კომერციული მიზნებისგან შორს დგას და ცდილობს, თითოეულ არტისტს თვითგანვითარებაში შეუწყოს ხელი. გამოფენის სახელწოდებას, “ოქსიგენს” კი, შემდგი მოტივებით ხსნის:

” “ოქსიგენი” დაერქვა იმიტომ, რომ ეს არის ერთგვარი ეკო კომენტარი, რომელიც მიემართება როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში არსებულ ვითარებას ეკოლოგიური მდგომარეობის კუთხით. ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ ხელოვნებას – არტისტს  ჟანგბადივით სჭირდება სივრცეები, რათა მივიდეს იქამდე, რომ განვითარდეს, ნამუშევრები გაყიდოს და ა.შ.”

გამოფენა დასრულდა, თუმცა ორგანიზატორები თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობის მიზნით სხვა არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავენ. მათი თქმით, ღონისძიებათა ფორმატი, სახელწოდება თუ სხვა დეტალები მას შემდეგ დაიგეგმება, რაც უკვე ჩატარებულის შედეგები, მიღწევები და გამოწვევები გაანალიზდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი