ახალი ამბები

დეპუტატმა კითხვის დასასმელი დრო ჰომოფობიური განცხადებისთვის გამოიყენა

18 მაისი, 2018 • 5690
დეპუტატმა კითხვის დასასმელი დრო ჰომოფობიური განცხადებისთვის გამოიყენა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა შს მინისტრისთვის კითხვის დასასმელი დრო ჰომოფობიური განცხადების გასაკეთებლად გამოიყენა. დეპუტატმა გეი პირთა მიმართ დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინი გამოიყენა.

ნეტგაზეთი აღნიშნულ ჰომოფობიურ კომენტარს მხოლოდ იმიტომ გთავაზობთ, რომ ამომრჩეველს უფლება აქვს იცოდეს, რა ტერმინოლოგიით მეტყველებს არჩეული დეპუტატი.

ლურსმანაშვილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ის, როგორც დეპუტატი, მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომებს და ” რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, უფლებადაცული როგორც მომხმარებლების, ასევე სხვადასხვა უმცირესობების ქართულ საზოგადოებაში”, თუმცა ამის შემდეგ ჰომოფობიური განცხადება გააკეთა:

“მაგრამ, როგორც მოქალაქე,  მე ვითხოვ, კატეგორიულად იყოს დაცული საზოგადოების ინტერესები, იმ საზოგადოების, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი სწორედაც ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და პიდარასტების მიერ” – თქვა დეპუტატმა.

ლურსმანაშვილის ჰომოფობიურ განცხადებას “ევროპული საქართველოს” დეპუტატი გიგა ბოკერია გამოეხმაურა. ბოკერიამ მოუწოდა უმრავლესობის დეპუტატებს, თავადვე მიუთითონ საკუთარ კოლეგებს, რომლებიც ნებისმიერი უმცირესობის მიმართ დისკრიმინაციულ განცხადებას გააკეთებენ.


ნეტგაზეთი აღნიშნულ ჰომოფობიურ კომენტარს მხოლოდ იმიტომ გთავაზობთ, რომ ამომრჩეველს უფლება აქვს იცოდეს, რა ტერმინოლოგიით მეტყველებს არჩეული დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი