ნეტგაზეთი | ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღეს თბილისში ჰომოფობიური აქციები იმართება ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღეს თბილისში ჰომოფობიური აქციები იმართება – Netgazeti

ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღეს თბილისში ჰომოფობიური აქციები იმართება

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლგბტ ადამიანები ამ დღის საქართველოში აღნიშვნას 2011 წლიდან ცდილობენ. თუმცა, უკვე წლებია, ამის თავისუფლად გაკეთების საშუალება არ აქვთ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნაციონალისტური და ფაშისტური ჯგუფების გამოყენებით ცდილობს, ამ დღის აღნიშვნას ხელი შეუშალოს. თავის მხრივ, ლგბტ ადამიანები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის გამო ვერ ახერხებენ თავისუფლად შეკრებასა და საკუთარ უფლებებზე ხმამაღლა საუბარს.

სხვა წლების მსგავსად, თბილისის ცენტრალური ქუჩები ნაციონალისტებმა 2018 წლის 17 მაისსაც დაიკავეს. დილიდან იმართება მათი აქცია–მსვლელობები. მათ მხრიდან ისმის დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი განცხადებები.

2014 წელს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ დააწესა. ამ დღის შემდეგ საპატრიარქო ყოველ წელს ატარებს ხატით მსვლელობებს, მოუწოდებს მრევლს, გამოვიდეს ქუჩაში და აღნიშნოს “ოჯახის სიმტკიცის დღე”. 2018 წელს ეკლესიებში გაიმართა მასობრივი ჯვრისწერა და მრავალშვილიანი ოჯახების დალოცვა.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებისა და მრევლის მობილიზაციის შემდეგ ლგბტ ადამიანებმა გადაწყვიტეს, 2018 წლის 17 მაისს არ ჩაეტარებინათ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია. თუმცა აქტივისტებმა მიიღეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება, მაინც შეიკრიბონ თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ და საკუთრი პროტესტი ჰომოფობიის წინააღმდეგ ღიად გამოხატონ.

უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ როგორ მიითვისა საპატრიარქომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე, შეგიძლიათ ნახოთ “ნეტგაზეთის” სტატია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.