ახალი ამბები

პრეზიდენტმა ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები წარადგინა

6 დეკემბერი, 2013 •
პრეზიდენტმა ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები წარადგინა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი შარაბიძე  2012 წლის ივნისიდან დღემდე UNDP-ის საქართველოს საარჩევნო დახმარების პროექტის „სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობა“ ტრეინინგ-ოფიცერია, 2009-2010 წლებში იგი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტრეინინგების სამმართველოს ტრეინინგების სპეციალისტი იყო.  2009 წელს მუშაობდა საქართველოში UNDP-ის  BRIDGE ფასილიტატორად. 1996-1998 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი. ფლობს  BRIDGE-ის სერტიფიკატს, 2013 წელს კი მიღებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

 

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, ოფიციალური ინფორმაციით, ეკატერინე მოდებაძე 2013 წლის იანვრიდან დღემდე  შპს „განათლების ექსპერტის“ იურისტად მუშაობს. 2013 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით იყო სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრის ტრენერი. 2012-2013 წლებში იყო ცეესკოს წარმომადგენელი სამგორის #6 საოლქო საარჩევნო კომისიაში.  2012 წელს მიღებული აქვს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევო კონკურსი 19 ნოემბერს გამოცხადდა. კანდიდატები ოთხკაციანმა კომისიამ შეარჩია, რომლიც დაკომპლექტდა  პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით: პრეზიდენტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე,  ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის უფროსი დავით უმეკაშვილი, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ ვაკანტურ ადგილზე კომისიამ 24  განაცხადი განიხილა და პარლამენტში წარსადგენად  გიორგი შარაბიძისა და ეკატერინე მოდებაძის კანდიდატურები შეარჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი