ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის რეჟიმი აზერბაიჯანელ პოეტს თბილისში ჩამოსვლას უკრძალავს

15 მაისი, 2018 • 2304
ალიევის რეჟიმი აზერბაიჯანელ პოეტს თბილისში ჩამოსვლას უკრძალავს

თბილისის მე-4 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე აზერბაიჯანიდან, პოეტი მურად კოჰნეკალა ფესტივალს ვერ დაეწრება.

ამის შესახებ განცხადება თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა გააკეთა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფესტივალის ორგანიზატორებმა ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყვეს, რომ აზერბაიჯანელი პოეტი ქვეყნის დატოვებას ვერ შეძლებდა და, შესაბამისად, ფესტივალს ვერ დაესწრებოდა.

“ეს პირველი შემთხვევა არაა. ფესტივალის მზადების პროცესში თავდაპირველად მიწვევა გავუგზავნეთ პოეტ რასიმ გარაჯას, რომელსაც, როგორც გაირკვა, ასევე აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება”.

ამის შემდეგ, როგორც განცხადებაში წერია, ფესტივალის ორგანიზატორებმა სხვა პოეტი, მურად კოჰნეკალა მიიწვიეს. ორი წლის წინ კი პოეტ ნერვინ ქამალთანაც ჰქონდათ გაგზავნილი მიწვევა, რომელმაც ასევე მისწერა ორგანიზატორებს, რომ შინაპატიმრობა აქვს მისჯილი და  ფესტივალზე ვერ ჩამოვიდოდა.

“უკვე მეოთხე წელია ვერ ვახერხებთ აზერბაიჯანელი მწერლების მათი სამშობლოდან ჩამოყვანას. ყოველივე ეს ძალიან შემაშფოთებელია. აშკარაა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს თავისუფალი ხელოვნების ხმა ჩაახშოს. ამის გასამართლებლად კი სხვადასხვა მიზეზს უგონებს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მურად კოჰნეკალას და ყველა აზერბაიჯანელ მწერალს, რომლებიც აზერბაიჯანულმა სახელმწიფომ საკუთარ საზღვრებში ჩაკეტა და მოვუწოდებთ ქვეყნის მთავრობას, შეცვალოს რეპრესიული პოლიტიკა ხელოვანების მიმართ. ვფიქრობთ, ჩვენი ფესტივალის განცხადებას უცხოელი მონაწილეები და ქართველი მწერლებიც შეურთდებიან”.

მურად კოჰნეკალას ნამდვილი სახელი და გვარი მურად მაჰმუდოვია. ის 1959 წელს დაიბდა. არის ავტორი პროზაული და პოეტური კრებულებისა: „ვაშლის ამბავი“ (2002), “ღრუბლების შემკეთებელი“ (2004), “მაიმუნის ტომი“ (2014), „ჩემი ოცნებები“ (2015). მისი დაფუძნებულია პირველი ავანგარდული ლიტერატურული ორგანიზაცია აზერბაიჯანში- „აზერბაიჯანელი მწერლების ღუმელი“. მისი ტექსტები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ქართულ, უზბეკურ, თურქულ, შვედურ და გერმანულ ენებზე. 1990 წლიდან წერს პუბლიცისტურ სტატიებს აზერბაიჯანული პრესისთვის.

თბილისის ლიტერატურული ფესტივალი 14-19 მაისს იმართება.

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრისა და კრიტიკის გამო მხოლოდ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს არ დევნის. განსხვავებული აზრისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობებისთვის ქვეყანაში ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც იდევნებიან. 

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი