ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანს რუსეთთან სამხედრო ურთიერთობების განვითარების იმედი აქვს

14 მაისი, 2018 • 2029
ფაშინიანს რუსეთთან სამხედრო ურთიერთობების განვითარების იმედი აქვს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს, 14 მაისს, სოჭში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში სომხეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი სომხეთს რეგიონში  უახლოეს პარტნიორად და მოკავშირედ განიხილავს როგორც ეკონომიკურ, ასევე უსაფრთხოების საკითხებში.

“იცით, რომ რუსეთი რჩება სომხეთის წამყვან სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად – ეს არის 25%-ზე მეტი. რუსეთის კაპიტალდაბანდებები სომხეთში შეადგენს განხორციელებული უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 35%-ს. ბოლო დროს იზრდება სავაჭრო ბრუნვა – დაახლოებით 25%-ით. მზარდია სომხეთის სოფლის მეურნეობის პროდუქცია რუსეთის ბაზარზე: უკანასკნელი თვეების განმავლობაში ზრდამ 38% შეადგინა. მთლიანობაში, ეს ძალიან კარგი დინამიკაა. ვიმედოვნებ, ჩვენ არა მხოლოდ ამის შენარჩუნებას, არამედ გაუმჯობესებასაც შევძლებთ.

მინდა წარმატება გისურვოთ მთავრობის ხელმძღვანელობის პოსტზე. ვიმედოვნებ, ჩვენი ურთიერთობები ისევე გაგრძელდება, როგორც ეს აქამდე იყო. ჩვენ ისევე აქტიურად ვიმუშავებთ საერთაშორისო არენაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში, დაწყებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციით, სადაც სომხეთი და რუსეთი ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერდა, და დამთავრებული ჩვენი რეგიონული ორგანიზაციებით – უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების სფეროებში”, – განაცხადა პუტინმა.

“ამ საკითხში სომხეთში, შეიძლება ითქვას, კონსენსუსია, და არავის არასდროს დაუყენებია და, ვფიქრობ, არც დააყენებს ეჭვის ქვეშ სომხურ-რუსული ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას. ჩვენ განწყობილი და ენერგიით სავსე ვართ იმისთვის, რომ ჩვენს ურთიერთობებს ახალი იმპულსი მივცეთ როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. ვიმედოვნებთ, ჩვენი ურთიერთობები სამხედრო-ტექნიკურ და სხვა სფეროებშიც განვითარდება.

მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვაფასებთ იმ ბანლასირებულ პოზიციას, რომელიც რუსეთს ჩვენი შიდაპოლიტიკური კრიზისის დროს ჰქონდა, და ვფიქრობ, ეს ძალიან კონსტრუციული პოზიცია იყო” , – განაცხადა ფაშინიანმა შეხვედრის დროს.

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად ქვეყნის პარლამენტმა 2018 წლის 8 მაისს აირჩია.

მოსკოვსა და ერევანს შორის 2010 წელს განახლებული შეთანხმების მიხედვით, რუსეთის სამხედრო ბაზა სომხეთის ტერიტორიაზე 2044 წლამდე იქნება დისლოცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი