ახალი ამბები

პატრიარქი: თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს დაშლისკენაა მიმართული

4 დეკემბერი, 2013 • • 6119
პატრიარქი: თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს დაშლისკენაა მიმართული

“ეს თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისაკენ, დარღვევისაკენ. ჩვენ არასდროს არ შევურიგდებით ამას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ შესრულდეს. ყოველი რაიონი უნდა უშუალოდ დაკავშირებული იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან, ამას არ სჭირდება შუალედი, შუა რგოლი. ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს ყოველი რაიონის გაჭირვებას. რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ კანონი სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ. ხალხმა უნდა იმსჯელოს რა არის მისაღები საქართველოსთვის. ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში”, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

 

პატრიარქმა ასევე ისაუბრა მთაში მცხოვრები ადამიანების პრობლემებზეც:

 

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მთიან რაიონებში შევქმნათ ისეთი პირობები, ხალხს აღარ მოუნდეს იქედან წამოსვლა. კურთხეულია ჩვენი მთაც და ბარიც. მე მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს მთას და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხალხი მთაში ცხოვრებით კმაყოფილი იყოს”, – განაცხადა პატრიარქმა.


“მთის კანონის” განხილვა პარლამენტში გაზაფხულისთვის იგეგმება. თვითმმართველობის და მთიანი რეგიონების განვითარების საკითხების განსახილველად საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი გაეროს მიწვევით შვეიცარიაში იმყოფება. ამ საკითხებთან დაკავშირებით დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ შვეიცარიის პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. დელეგაცია საქართველოში 8 დეკემბერს ბრუნდება.

 

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც წარმოადგინა ახალმა მთავრობამ, ხელს შეუწყობს სეპარატიზმის გაღვივებას. ამ მოსაზრებებს არ ეთანხმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე:

 

“კონცეფცია, რომ თვითმმართველობა რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობას, სრული ნონსნენსია.”, – განაცხადა დღეს დავით უსუფაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი