ქარტიის 2012 წლის საერთო კრების გადაწყვეტილებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ელექტრონული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრა ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქარტიის წევრებს უნდა დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია ორგანიზაციის წესდებაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ, კერძოდ, უჭერდნენ თუ არა მხარს ქარტიის საბჭოს მანდატის გაფართოებას.
ხმის მიცემისათვის დადგენილი ვადა ამოიწურა 2 დეკემებერს, ღამის 12 საათზე. სულ გამოკითხვაში დაფიქსირდა 218 ხმა, აქედან ცვლილებას მხარი დაუჭირა 197-მა წევრმა, წინააღმდეგ მისცა ხმა 21-მა.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ქარტიის წესდებაში განხორციელდება ცვლილებები და ქარტიის საბჭო უფლებამოსილი გახდება, განიხილოს განცხადებები ქარტიის არაწევრი ჟურნალისტების მიმართაც.
ცვლილებები ძალაში შევა ქარტიის საერთო კრების ჩატარებისა და საბჭოს განახლებული შემადგენლობის არჩევის შემდეგ. ქარტიის საერთო კრება გაიმართება მიმდინარე წლის 21 დეკემბერს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2009 წელს ჩამოყალიბდა. წესდების მიხედვით, საბჭო უფლებამოსილი იყო ქარტიის პრინციპების დარღვევისთვის მხოლოდ წევრი ჟურნალისტების მიმართ განეხილა განცხადებები.