ახალი ამბები

პოლიციამ პარლამენტის წინ კარვები აიღო – აქცია 15 საათიდან გაგრძელდება

13 მაისი, 2018 • 2812
პოლიციამ პარლამენტის წინ კარვები აიღო – აქცია 15 საათიდან გაგრძელდება

სამართალდამცავებმა დღეს, 13 მაისს, დილის 9 საათზე, თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს კარვების აშლა მოსთხოვეს. უარის შემდეგ,კარვები თავად პოლიციელებმა დაშალეს და წაიღეს. როგორც მათ აქციის მონაწილეებს განუმარტეს, კარვის გასაშლელად ნებართვა იყო საჭირო.

რაც შეეხება აქციას” ჩენი თავისუფლებისთვის”, ის დღეს, 15 საათზე კვლავ გაიმართება. მანამდე კი “თეთრი ხმაურის მძრაობა” ბრიფინგს გამართავს და მოქალაქეებს თავისი გეგმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

პარალელურად, სოლიდარობის მხარდამჭერი აქციები დაიგეგმა მსოფლიოს არაერთ დიდი ქალაქში.

მოქალაქეები აპროტესტებენ სამართალდამცავთა მიერ თბილისის ღამის კლუბებში შესვლას, რასაც ხელისუფლების მიერ ძალის დემონსტრირებას უწოდებენ. პოლიცია აცხადებს, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ყველა მათგანი სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, სულ სხვა ტერიტორიაზე დააკავეს და არა – კლუბებში.


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან გვიან ღამემდე პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია-კონცერტი სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა;
  • ნარკორეალიზაციაში ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ერთი-ერთი ადვოკატის თქმით კი, რვავე ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებას ერთი მოწმე აძლევს და ყველა შემთხვევაში საუბარია ერთი და იგივე ნივთიერების გასაღებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი