ახალი ამბები

თბილისში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია – აქცია გრძელდება

12 მაისი, 2018 • 3985
თბილისში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია – აქცია გრძელდება

აქცია “ჩვენი თავსიფულებისთვის” გრძელდება – აქციის მონაწილეებმა 18:30 საათისთვის მთლიანად დაიკავეს რუსთაველის გამზირი, შესაბამისად, დედაქალაქის მთავარ გამზირზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და ელოდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას. ისინი თბილისის მერიისგან ბიოტუალეტებისა და ნაგვის ურნების დადგმას მოითხოვენ, რადგან ჯერ დაშლას არ აპირებენ.

რაც შეეხება მათ მთავარ მოთხოვანას, ისინი დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას, ასევე პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ 12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო.

აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის”. თბილისი, 12 მაისი, 2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის”. თბილისი, 12 მაისი, 2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის”. თბილისი, 12 მაისი, 2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებენ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი