“სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა კიევის ქალაქის ადმინისტრაციის შუამდგომლობა და მასობრივი აქციები ქალაქში 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 7 იანვრამდე აკრძალულია”– განაცხადა ადვოკატმა ევგენია ზაკრავსკაიამ, რომელიც სასამარლოში მოპასუხე მხარის ინტერესებს იცავდა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით კი, ხელისუფლება აქციების ჩატარების აკრძალვას კონკრეტულ ქუჩებზე ითხოვდა, მაგალითად, სადაც განთავსებულია პრეზიდენტის ადმიანისტრაცია და პარლამენტი. ქალაქის მერია კი აქციების ჩატარების აკრძალვას ევროპის და დამოუკიდებლობის მოედნებზე ითხოვდა.
უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერები მიქაელის მოედანს არ ტოვებენ, სადაც მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც 30 ნოემბრის ღამეს სპეცდანიშნულების რაზმმა დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილები ძალადობრივად დაარბია.
ოპოზიციური პარტიის “სამშობლო” წარმომადგენელმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა, რომ დღეს, 1 დეკემბერს მომიტინგეები ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეიკრიბებიან და კოლონით დაიძრებიან დამოუკიდებლობის მოედანის მიმართულებით.
უფრო ადრე კი ოპოზიციამ განაცხადა, რომ ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრს შექმნაა გადაწყვეტილი და სრულიად უკრაინის ერთიანი ეროვნულ საპროტესტო აქციები დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გამთენიისას კიევის ცენტრალურ მოედანზე გამართული აქცია პოლიციამ ძალადობრივად დაარბია. აქცია უკრაინის მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარის თქმას მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით დაკავებულია აქციის 35 მონაწილე, ათეულობით მონაწილე კი დაშავდა.
უკრაინას ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ევროკავშირძთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოეწერა, ამისათვის უკრაინის პარლამენტს უნდა მიეღო კანონი, რომელიც ყოფილ პრემიერ–მინისტრს, პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას მისცემდა. აღნიშნული კანონი არ მიიღეს.
ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთიდან წამოსულმა ზეწოლამ აიძულა იგი უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი უკრაინისთვის ღია რჩება.
“მომავალი კვირიდან პარლამენტი დაიბლოკება. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ამ ხელისუფლებას, მიიღოს ანტიეროვნული გადაწყვეტილება”,– ამბობს ოპოზიციონერ ვიტალი კლიჩკო.
აქციის მონაწილეების დარბევას უკვე გამოეხმაურნენ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, რომლებმაც უკრაინის ხელისუფლებას და პრეზიდენტს მოუწოდეს გამოიძიონ ღამით განვითარებული მოვლენები და დააკისრონ პასუხისმგებლობა მას, ვინც შეკრების და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების წინააღმდეგ მოქმედებდა
ვიქტორ იანუკოვიჩმა დაგმო ოპოზიციის მიმართ ძალადობრივი ქმედებები და იგი გენერალური პროკურორისგან გამოძიების სწრაფად ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.