შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 12 მაისს, ღამის კლუბ “ბასიანსა” და კაფე “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ბრიფინგი გამართა. შსს-ს სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზად ნარკორეალიზატორთა გამოვლენას ასახელებს.
სამართალდამცავი უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში რამდენიმე ახალგაზრდის სიკვდილის ფაქტი დადგა კლუბებში ვიზიტის შემდგომ, იმატა კლუბებში სასწრაფოების გამოძახების შემთხვევებმა.
“შსს-ს თანამშრომლები სამი თვე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდნენ ნარკოგამსაღებლების გამოსავლენად. გამოვლინდა 8 ნარკოლეარიზატორი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მათ კავშირი ჰქონდათ ამ კლუბებთან, რადგან ისინი ნარკოტიკებს ყიდდნენ. ერთ-ერთი დაკავებული კლუბის დაცვის წევრია”, – აცხადებს შსს. როგორც სამართალდამცავი ორგანო ამბობს, მათ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკოტიკის არაერთი საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს.
უწყებისვე ცნობით, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით პირველ საათზე, როცა კლუბში უნდა მომხდარიყო ნარკოტიკების გასაღება, ბასიანსა და გალერიში დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები.
სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, კლუბებიდან სტუმრები ინციდენტების თავიდან ასაცილებლად გამოიყვანეს და მათ უთხრეს, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკს, ისინი სისხლის სამართლებრივი პასუხსმგებლობისგან გათავისუფლდებოდნენ. შსს-ს ცნობით, ამის შემდეგ კლუბში ნარკოტიკი არაერთმა ადამიანმა დატოვა. ამ ნივთიერებებს კი ექსპერტიზა უტარდება.
უწყებისვე ცნობით, სისხლის სამარღლის წესით კლუბის არცერთი სტუმარი დაკავებული არ არის. გარდა ამისა, როგორც შსს ამბობს, 8 დაკავებულის წინააღდმეგ პოლიციას გააჩნია ვიდეომტკიცებულებები, რომელიც ჩაწერილია მოსამართლის განჩინების საფუძველზე.
გთავაზობთ ვიდეოს, რომელის შსს-მ გაავრცელა:
ხულიგნობისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია.
ჟურნალისტებს არ მიეცათ საშუალება, შსს-ს წარმომადგენლისთვის ბრიფინგზე დამატებითი კითხვები დაესვათ, მათ შორის, პოლიციელთა მხრიდან ძალის სავარაუდო გადამეტების ფაქტებზე.
- სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისის, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
- როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
- სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
- დაკავებულთა შორის “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იყვნენ. ორივე მათგანი უკვე გათავისუფლებულია;
- აქტივისტების თქმით, აქცია 12 მაისს, 15:00-ზე, თბილისის პარლამენტის შენობასთან კვლავ გაგრძწლდება და ორგანიზებულ სახეს მიიღებს.