ახალი ამბებისამართალი

შსს: დიდუბეში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გამოძალვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

11 მაისი, 2018 • 1853
შსს: დიდუბეში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გამოძალვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 10 მაისს თბილისში, სავაჭრო ცენტრ “მეგალაინის” მიმდებარედ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი პირია დაკავებული.

დაკავებულებს ბრალად ჯგუფური გამოძალვა ედებათ. დაკავებულები არიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი,  1984 წელს დაბადებული დ.ბ. და 1983 წელს დაბადებული გ.ჭ.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა დ.ბ-ს მფლობელობაში არსებულ სასტუმროში 1993 წელს დაბადებული გ.ს. მოტყუებით მიიყვანეს,  მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ღირსების შემლახველი ფოტოები გადაუღეს, დიდი ოდენობით ფულად თანხას სძალავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრების  მოკვლით და ფოტოების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებით დაემუქრნენ.

პოლიციამ დ.ბ. და გ.ჭ. თბილისში, დიდუბეში, ავტომანქანით გადაადგილებისას  დააკავა. როგორც შსს აცხადებს, დ.ბ-ს კუთვნილი სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან, რომელშიც გ.ჭ. ცხოვრობდა, “ნაგანის” სისტემის პისტოლეტი 7 საბრძოლო ვაზნით და საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება  ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი