ახალი ამბები

ნახევარზე მეტის აზრით, შსს, პროკურატურა და სუსი ოცნების ინტერესებს ემსახურებიან – კვლევა

11 მაისი, 2018 • 1659
ნახევარზე მეტის აზრით, შსს, პროკურატურა და სუსი ოცნების ინტერესებს ემსახურებიან – კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით “CRRC საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის ნახევარზე მეტს სჯერა, რომ პროკურატურა, პოლიცია და სუსი მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურებიან.

გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ პროკურატურა მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება, 18% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ ემსახურება, 13%–ის აზრით კი პროკურატურა არ არის მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელი.

55%–ის აზრით, შსს არის”ქართული ოცნების” გავლენის ქვეშ, 12%–ს არ მიაჩნია, რომ შსს მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა. 55%–ს მიაჩნია, რომ სუსი მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, 15% კი ასე არ ფიქრობს.

რამდენად არის სუსი, შსს და პროკურატურა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ. კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო/CRRC საქართველო

საზოგადოებრივი აზრის კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „CRRC საქართველომ“ განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8%–ს შეადგენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი