ახალი ამბები

ადიგენის მუფთი: ჭელაში მინარეთის აღმართვას პროტესტი არ მოჰყოლია

28 ნოემბერი, 2013 • • 1290
ადიგენის მუფთი: ჭელაში მინარეთის აღმართვას პროტესტი არ მოჰყოლია

ვაშაყმაძის თქმით, ჭელაში სიმშვიდეა და მეჩეთის ტერიტორიაზე მართლმადიდებელი მრევლი არ იმყოფება.

 

“არ გაუპროტესტებია არავის. მშვიდობიანად და ძალიან სამართლებრივი გზით მოგვარდა და ისე დაიდგა. ჩვენთან შიგნით, მეჩეთის ტერიტორიაზე არავინ არ შემოსულა. გარეთ თუ ვინმე რამეს აპირებს, ინფორმაცია არ გავქვს. ახლა იქ ვართ და არავინ არ არის,”- განაცხადა ვაშაყმაძემ. 

 

მეჩეთი ჭელაში
მეჩეთი ჭელაში

ადიგენის მუფთის თქმით, ჭელის მართლმადიდბელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მინარეთის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. 

 

“სახელწიფომ როგორც თავისი სვლა შეცვალა, ხალხმაც დამოკიდებულება შეცვალა ერთმანეთის მიმართ. აღარ იყო ზიზღი, არ იყო მუქარა. ჩვენ თავიდან რომ შემოვიტანეთ, თურქეთ-საქართველოს შორის არის ხელშეკრულება, რომელსაც “ევრო 1” სჭირდება შემოტანის დროს. როცა ჩავაბარეთ დოკუმენტაცია, “ევრო 1-ის” დოკუმენტაცია  ჯამბულ აბულაძის სახლში იყო დარჩენილი. იმას ითხოვდნენ, მივუტანეთ და გამოსწორდა. არასწორი გზით არ შემოსულა [მინარეთი], იმის დოკუმენტი აკლდა მარტო. რომ მივუტანეთ, იმ წუთში გამოსწორდა,”- აცხადებს მუფთი

 

სამხრეთს კარიბჭის ინფორმაციით, ჭელას მეჩეთზე მინარეთი ხელახლა 27 ნოემბერს აღმართეს, რასაც მართლამდიდებელი მღვდლები აპროტესტებენ და საპროტესტო წირვის ჩატარებას აპირებენ. 

 

დასაწყობებული მინარეთი ჭელაში
დასაწყობებული მინარეთი ჭელაში

2013 წლის აგვისტოს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთს მინარეთი მიაშენეს, რასაც მართლმადიდებელი მოსახლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. შსს-ს სპეცდანიშნულის რაზმმა სოფელში რეიდი მოაწყო და მინარეთის დემონტაჟი მოახდინა. 

 

26 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მინარეთის დემონტაჟი შემოწმების მიზნით მოხდა. მინარეთი დორებით სოფელ ჭელასთან იყო “დალუქული“. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი