ახალი ამბები

აქცია ერევანში სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ

28 ნოემბერი, 2013 •
აქცია ერევანში სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ

მოპიკეტეები გუშინ ღამით შეიკრიბნენ პლაკატებით – “არა იძულებით სსრკ-ს”, “არა საბაჟო კავშირს”, “ვილნიუსი ან გადადგომა” და “NoRussianEmpire”.

 

ისინი პრეზიდენტს სერჟ სარქსიანისგან მოითხოვენ, რომ გაემგზავროს ვილნიუსში, სადაც დღეს და ხვალ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი იმართება, რომლის ფარგლებშიც სომხეთს ჰქონდა შეთავაზება, მოეხდინა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება.

 

“პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ვილნიუსის სამიტში მონაწილეობა და ხელი მოაწეროს შეთანხმებას ევროკავშირთან, წინააღმდეგ შემთხვევაში- გადადგეს. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ რუსეთის კოლონია. ევროკავშირში 27 დემოკრატიული ქვეყანაა, საბაჟო კავშირში კი სამი რესპუბლიკის დიქტატორები არიან. სომეხი ხალხი იდიოტების კრებული არაა, რომ აირჩიოს დეგრადაციის გზა და არა ქვეყნის განვითარება,” – აირიკიანის განცხადებას გაზეტა.რუ ავრცელებს. 

 

3 სექტემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა გაწევრიანდეს ევრაზიის საბაჟო კავშირში, რის შემდეგაც ევროკავშირისგან სომხეთს უარი ეთქვა ასოცირების შეთანხმების პარაფირებაზე, რაც უნდა მომხდარიყო ვილნიუსის სამიტზე.

 

ვლადიმერ პუტინი 2 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სომხეთს, სადაც რამდენიმე ღონისძიებას დაესწრება გიუმრსა და ერევანში. სომხეთში პუტინი მოინახულებს რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზასაც. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა სარქსიანსა და პუტინს შორის, სადაც საუბარი იქნება 3 სექტემბერს მიღწეული შეთანხმების განხილვაზე, რომელიც ეხება სომხეთის გაწევრიანებას ევრაზიის საბაჟო კავშირში.

 

ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უნდა მოეხდინა აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებიდან უკრაინას, რომელმაც ბოლო დღეებში რუსეთის ზეწოლის გამო უარი თქვა ხელმოწერაზე, ასევე, ასოცირების შეთანხმების პარაფირება უნდა მოეხდინა საქართველოს, მოლდოვას და სომხეთს, თუმცა ამ უკანასკნელმა არჩევანი ევრაზიული საბაჟო კავშირის სასარგებლოდ გააკეთა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი