მინისტრი ხათუნა გოგალაძე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ბრძანებას ხელს 25 ნოემბერს აწერს. ბრძანებაში ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია თავად კომპანია “RMG Gold”-ის მიმართვა.
“კომპანიამ თავის განცხადებაში გააკეთა განმარტება, რომ იგი ცვლის ტექნიკურ პარამეტრებს და აქედან გამომდინარე, მოითხოვა თავისი დოკუმენტების უკან დაბრუნება. ტექნიკური პარამეტრების ცვლილება ნიშნავს იმას, რომ მთლიანად უნდა გადამუშავდეს დოკუმენტი და თავიდან შემოვიდეს სამინისტროში განსახილველად. ვადები არ არის გაწერილი, დოკუმენტის გადამუშავების შემდეგ, როდესაც კომპანია ჩათვლის, რომ ის ექვემდებარება თავიდან განხილვას, მაშინ შემოიტანს,”- აცხადებს “ნეტგაზეთთან” საუბარში გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაიწყო თავის დროზე ადმინისტრაციული წარმოება, შარაშიძის თქმით, დმანისის მუნიციპალიტეტმა სამინისტრო მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე ჩართო.
2006 წლის 17 ივლისის ბრძანების მიხედვით, საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს” არქეოლოგიური დაცვის ზონა შეუქმნეს, რაც გულისხმობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან 300 მეტრის რადიუსში არ შეიძლება ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც მას საფრთხეს შეუქმნის.
2013 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, “საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს ” არქეოლოგიური დაცვის ზონა მოეხსნა. მანამდე ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ “RMG Gold”, რომელიც საყდრისის ტერიტორიაზე ოქროს მოიპოვებდა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ საყდრისის მაღარო არ წარმოადგენდა ოქროს მაღაროს და მისი მნიშვნელობა გაზვიადებული იყო.
