ახალი ამბები

მსოფლიოს რეაქცია ტრამპის გადაწყვეტილებაზე, დატოვოს ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება

9 მაისი, 2018 • 2362
მსოფლიოს რეაქცია ტრამპის გადაწყვეტილებაზე, დატოვოს ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, აშშ-მა დატოვოს ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება, შეშფოთების მიზეზი  გახდა მრავალი დასავლური ქვეყნის ლიდერისთვის. ტრამპის გადაწყვეტილებას კი მხარს უჭერენ ისრაელი და საუდის არაბეთი.

აშშ-ის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა შეთანხმება, რომელსაც 2015 წელს, პრეზიდენტ ობამას დროს ვაშინგტონმა მიაღწია თეირანთან და თქვა, რომ ეს შეთანხმება “მისთვის, როგორც მოქალაქისთვის, სამარცხვინოა”.

მიუხედავად ევროპელი მოკავშირეების რჩევებისა, ტრამპმა იმ სანქციების განახლების პირობაც დადო, რომლებიც ირანს მოეხსნა ზემოაღნიშნული შეთანხმების მიღწევის შემდეგ.

“ჩვენ არ დავუშვებთ, ამერიკა ბირთვული შანტაჟის მძევალი გახდეს; არ დავუშვებთ, ირანის რეჟიმი ამერიკულ ქალაქებს განადგურებით დაემუქროს და არ დავუშვებთ, მსოფლიოში ყველაზე სასიკვდილო იარაღს ფლობდეს რეჟიმი, რომელიც სკანდირებს: “სიკვდილი ამერიკას!”, – განაცხადა ტრამპმა.

განცხადებას უკვე გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ თავის მოვალეობებს არ ასრულებს. რუჰანის თქმით, მან უკვე მიმართა ქვეყნის ატომური ინდუსტრიის ორგანიზაციას, სრულად მოემზადოს, რათა საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ინდუსტრიის “ულიმიტო გამდიდრება” დაიწყოს. მანამდე კი, მისი თქმით, ირანს რამდენიმე კვირა სჭირდება, რათა აშშ-ის პრეზიდენტის ქმედებას უპასუხოს. რუჰანის განცხადებით, თეირანი კონსულტაციებს განაგრძობს შეთანხმების ხელმომწერ დანარჩენ ხუთ სახელმწიფოსთან.

ბირთვული შეთანხმება, ერთი მხრივ, ირანს, მეორე მხრივ კი, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, რუსეთსა და გერმანიას შორის 2015 წლის 14 ივლისს გაფორმდა. ისტორიული შეთანხმება ირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანაცვლოდ კი მასზე დაწესებული მთელი რიგი ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა.

საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი, რომელთა ლიდერებიც ცდილობდნენ პრეზიდენტ ტრამპის გადარწმუნებას, მიღებული გადაწყვეტილების გამო წუხილს გამოთქვამენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკის გადაწყვეტილების გამო ძალიან არიან იმედგაცრუებული.

ევრიკავშირის წამყვანი დიპლომატი ფედერიკა მოგერინი ამბობს, რომ ევროკავშირმა შეთანხმების შენარჩუნება გადაწყვიტა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შეთანხმების არსებობა აშშ-ის ინტერესებში შედიოდა.

“შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს, ზურგი შეაქციო აშშ-ის ყველაზე ახლო მოკავშირეებს. ეს არის შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წამყვანი დიპლომატების, მეცნიერებისა და დაზვერვის სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა. მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური წარმატების გზაზე ვდგავართ, ამ დროს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა ამ შეთანხმების დაკარგვის რისკებს წარმოქმნის” – წერს ობამა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პრესსპიკერის ცნობით, ანტონიო გუტიერეში ღრმად შეშფოთებულია და მოუწოდებს სხვა ხელმომწერებს, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები.
.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სრულად უცხადებს მხარდაჭერას ისრაელი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტრამპმა გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და თავად შეთანხმებას დამღუპველი უწოდა. ირანის რეგიონული მეტოქე, საუდის არაბეთიც ასევე მიესალმება და მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი