ახალი ამბები

დავით მაისურაძე აცხადებს, რომ წულუკიანმა “ლიბერალის” სტატიის გამო დაითხოვა

27 ნოემბერი, 2013 • 2441
დავით მაისურაძე აცხადებს, რომ წულუკიანმა “ლიბერალის” სტატიის გამო დაითხოვა

დავით მაისურაძე
დავით მაისურაძე

“2013 წლის 25 ნოემბრიდან გამათავისუფლეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის“ დირექტორის თანამდებობიდან, სადაც ვმუშაობდი 2012 წლის სექტემბრიდან.

 

ჩემთან საუბარში იუსტიციის მინისტრმა ჩემი გათავისუფლების მთავარ მიზეზად დაასახელა ჟურნალ ,,ლიბერალის“ სტატია, სადაც სტატიის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსების არმიღებაზე საუბრობს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ა.წ. აგვისტოში (პირველადი პროექტები და კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან დამთავრებული იყო ივლისშიც) სამართლებრივად და ფინანსურად სრულყოფილი საგრანტო ხელშეკრულების პროექტები უკვე მზად იყო, რომლებიც აგვისტოშივე გადაეგზავნა მინისტრს. მისი მხრიდან საჭირო იყო ხელშეკრულების პროექტებისთვის შემდეგი მსვლელობის მიცემა. კერძოდ, იუსტიციის მინისტრი ვალდებული იყო გაეგზავნა საგრანტო ხელშეკრულების პროექტები პრემიერ-მინისტრთან, ან მთავრობასთან შესათანხმებლად, რადგანაც იუსტიციის სამინისტროში გრანტის გაცემის წესის თანახმად აუცილებელია პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის თანხმობა საგრანტო ხელშეკრულებების პროექტებზე. მხოლოდ ამის შემდეგ არის იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი გააფორმოს საგრანტო ხელშეკრულება გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. მაგრამ, მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი შეხსენებისა (მათ შორის ელექტრონული წერილებით), იუსტიციის მინისტრს საგრანტო ხელშეკრულებების პროექტებთან დაკავშირებით არაფერი გაუკეთებია.

 

ვამაყობ, რომ იუსტიციის სამინისტროში თითქმის ოთხი წელი ვიმუშავე… განსაკუთრებით ვამაყობ, რომ ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნა, განვითარდა და გაძლიერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი“, რომელიც ჩემი და ცენტრის თანამშრომლების (თითოეულ მათგანს დიდი მადლობა!) დაუღალავი შრომით ერთ წელიწადში (!) ჩამოყალიბდა, როგორც თავის სფეროში ყველაზე მზარდი, ამბიციური და პერსპექტიული ორგანიზაცია (მათ შორის იქმნება კავკასიაში პირველი მედიაციის ცენტრი!), რომლის წარმატებებს და მიღწეულ შედეგებს აღიარებს ცენტრის პარტნიორი ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია”, – წერს მაისურაძე.

 

თეა წულუკიანი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ამ ბრალდებას. ნეტგაზეთს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში 26 ნოემბერს განუცხადეს, რომ მაისურაძე ამ პოსტზე ჯონი კვინიკაძემ შეცვალა, რომელიც მანამდე საკანონმდებლო მაცნეს ხელმძღვანელობდა.

 

“ერთი წელი გავიდა და იუსტიციის მინისტრმა რაღაც თანამდებობებზე შეცვალა ადამიანები, რადგან თვლის, რომ რაღაცებში საჭიროა სხვადასხვა მიდგომა”, –  აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

 

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდბეობები ასევე დატოვეს მისმა უკვე ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ჯანდიერმა და საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა ეკატერინე კერესელიძემ. განცხადება დააწერინეს ასევე დავით ჯანდიერის მძღოლს.

მასალების გადაბეჭდვის წესი