ახალი ამბები

შსს: დაუსრულებელი მსჯელობა ლიბერალიზაციაზე ახალისებს ნარკოდანაშაულს

8 მაისი, 2018 • 1721
შსს: დაუსრულებელი მსჯელობა ლიბერალიზაციაზე ახალისებს ნარკოდანაშაულს

 შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დაუსრულებელი მსჯელობა ლიბერალიზაციაზე ნარკოდანაშაულს ახალისებს. აღნიშნული მან დღეს, 8 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, შსს გაამკაცრებს ნარკოდანაშაულთან ბრძოლას.

“აქვე გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკულ საშუალებებთან გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ თითქოს არსებობს მავნე და არამავნე ნარკოტიკები. თითქოს “მეფედრონი” კლავს და სხვა დანარჩენი სინთეტიკური საშუალებები, მაგალითად, ჰეროინი – არა. ამგვარი მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი მსჯელობა ლიბერალიზაციაზე, მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშულს, ახდენს ნარკოდანაშაულის პროპაგანდას და ხელს უშლის პრევენციას. შსს-ს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ამ ბრძოლას, დღევანდელი გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გავამკაცრებთ,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მან ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ სამართალდამცავებმა თბილისში ორი პირი დააკავეს  ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი