ახალი ამბები

BASSIANI / HOROOM თანადგომისთვის საზოგადოებას მიმართავს

7 მაისი, 2018 • 3605
BASSIANI / HOROOM თანადგომისთვის საზოგადოებას მიმართავს

BASSIANI / HOROOM თანადგომისთვის მიმართავს საზოგადოებას, ელქტრონული მუსიკისა და საკლუბო სფეროს წარმომადგენლებს, ყველა მედიასაშუალებას, საერთაშორისო გამოცემებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს:

“დაგვიდექით გვერდით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. კლუბის სოციალური პოლიტიკის გათვალისწინებით, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ კონკრეტული სივრცის, არამედ ყველა იმ იდეისა და ღირებულების – თავისუფლებისა და თანასწორობის, ყველა იმ ერთობლივი მონაპოვრის წინააღმდეგ, რომლის გარშემოც ვართ გაერთიანებული ათასობით ადამიანი”- ნათქვამია მიმართვაში.

კლუბი BASSIANI / HOROOM აცხადებს, რომ ის რეგრესული და პრორუსული ძალების სამიზნე ობიექტია მიმდინარეობს მათი მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დემონიზება. კლუბი გულისხმობს ბოლო სამი კვირის განმავლობაში უცნობი ნარკოტიკული ნივთირებით 5 ადამიანის დაღუპვის ფაქტს, რომლის გამოც სხვადასხვა პირები კლუბის დახურვას და მეპატრონეების დაპატიმრებას ითხოვენ.

“მათი მოქმედების მეთოდები იმდენად გასცდა ყოველგვარ ზღვარს, რომ მზად არიან ცილი დასწამონ კლუბს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, ასევე, არაერთხელ სცადეს ჩვენი კლუბის დაპირისპირების ინსტრუმენტად ქცევა და ჩვენი სახელის გამოყენება საკუთარი ვიწროპარტიული პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად”,-ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

BASSIANI / HOROOM ასევე წერს გავრცელებულ ცნობაში, რომ კლუბის დაარსების დღიდან კლუბის ტერიტორიაზე არცერთი ადამიანის სიცოცხლეს არ შექმნია საფრთხე. ასევე, ტრაგიკული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა კლუბის ტერიტორიაზე არ მომხდარა.

“გავრცელებული ჭორები, თითქოს ეს ადამიანები BASSIANI / HOROOM-ის სივრცეში იმყოფებოდნენ, არ დასტურდება. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ათასობით ადამიანის მსგავსად, რომელიმე მათგანი ნამდვილად ყოფილიყო კლუბის ტერიტორიაზე, ისევე როგორც სხვადასხვა საჯარო სივრცეებში, ქუჩაში თუ სახლში. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, მავნე მომწამლავი ნივთიერების შედეგად ადამიანი სად გარდაიცვლება, თითეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული. ამაზე პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ჯანდაცვასა და პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკით”.

მათივე ცნობით, კლუბის ტერიტორიაზე ნარკოტიკით უკანონო ვაჭრობა არ მიმდინარეობს და კლუბში შემომსვლელი თითოეული ადამიანი საფუძვლიანად იჩხრიკება.

“კლუბს მხოლოდ სრულწლოვანი, ზრდასრული მოქალაქეები სტუმრობენ, ცალკეული სუბსტანციების მიღება-არმიღების საკითხს კი მოქალაქეები ინდივიდუალურად წყვეტენ, რასთანაც კლუბს არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება”.

ხვალ, 8 მაისს, 14:00 საათზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კლუბის ტერიტორიაზე გაიმართება პრესკონფერენცია.


29 აპრილს თბილისში ახალგაზრდა ქალი, რომელიც კლუბიდან დაბრუნდა, ოჯახის წევრმა სახლში გარდაცვლილი იპოვა. სავარაუდოდ, ის ნარკოტიკულ ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა ქალის ახლობლებისაგან.

ამ ფაქტამდე ერთი დღით ადრე, საქართველოში ახლად გავრცელებული ნარკოტიკული საშუალება მეფედრონით  ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია  რუსთავი 2–მა  გაავრცელა.

შსს ბოლო დღეებში ორი ადამიანის საკუთარ სახლში გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. მათი თქმით, გამოძიება ორივე ფაქტზე 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით დაიწყო, თუმცა, მათივე განმარტებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, სხვა გარდაცვლილების შესახებ.

თეთრი ხმაურის მოძრაობის ინფორმაციით, მეფედრონი თეთრი ფხვნილის სახით არსებობს, მას მოიხმარენ ორალურად, სასუნთქი გზების საშუალებით და ინტრავენურად.

ინტრავენური მოხმარება მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ადამიანი მას სხვა ნივთიერებასთან კომბინაციაში იღებს.

ვრცლად, თუ რა არის მეფედრონი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი