ახალი ამბები

იანუკოვიჩი ზეწოლაზე საუბრობს – “ევროპული უკრაინის შესახებ ოცნებას ვერავინ მოგვპარავს”

25 ნოემბერი, 2013 • • 1823
იანუკოვიჩი ზეწოლაზე საუბრობს – “ევროპული უკრაინის შესახებ ოცნებას ვერავინ მოგვპარავს”

იანუკოვიჩი
იანუკოვიჩი

იანუკოვიჩმა უკრაინის იმ მოქალაეებს, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად აქციებს მართავენ, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების გამო მადლობა გადაუხადა:

 

“ჩვენ ვერავინ წაგვართმევს ოცნებას ევროპული უკრაინის შესახებ. ასევე, ვერავინ შეძლებს ჩვენი იმ სწორი გზიდან აცდენას, რომელსაც ამ ოცნებამდე მივყავართ”, – ნათქვამია იანუკოვიჩის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ზოგჯერ მას უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება, რის გამოც არსებობს რისკი, რომ ვერ გაუგებენ:

 

“მე მინდა, რომ ჩვენს დიდ უკრაინულ ოჯახში იყოს სიმშვიდე და მშვიდობა. როგორც მამას არ შეუძლია ოჯახის პურის გარეშე დატოვება, ისე მე არ მაქვს უფლება დავტოვო ადამიანები ბედის წინაშე იმ პრობლემებით, რომელიც შესაძლოა შეიქმნას, თუ ზეწოლის შედეგად, რომელსაც ჩვენ განვიცდით, შეწყდება წარმოება და მილიონობით მოქალაქე აღმოჩნდება ქუჩაში”, –  ამბობს უკრაინის პრეზიდენტი და დასძენს:

 

“ამიტომაც მე მიწევს მივიღო რთულ გადაწყვეტილებები, ამიტომ მე ვრისკავ, რომ ვერ გამიგებენ, ამიტომ ვთხოვ დღეს ჩვენს ხალხს, რომ ყურადღებით მომისმინონ. მე არასდროს გადავდგამ არც ერთ ნაბიჯს, რომელიც უკრაინას და ხალხს დააზიანებს. უკრაინის მოქალაქეების ნება იყო, არის და იქნება ჩემი ყოველი გადაწყვეტილების განმაპირობებელი”.

 

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პროცესის მზადების შეჩერებას გულისხმობს, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, რომ უკრაინამ ეს გადაწყვეტილება კრემლის ზეწოლის შედეგად მიიღო, რასაც ვლადიმირ პუტინი კატეგორიულად უარყოფს და კიევზე ზეწოლაში ევროკავშირს ადანაშაულებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი