შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის 5 და საქართველოს 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით,ახალციხის სამმართველოს ჭარალის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე, ვალეს სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის 3 და აზერბაიჯანის 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.