
“ქართული ოცნების” ყრილობაზე, რომელზეც პარტიის ახალი თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და ახალი პოლიტსაბჭო აირჩიეს, ბიძინა ივანიშვილმა დასამშვიდობელი სიტყვით მიმართა და თავისი პოლიტიკაში საქმიანობა შეაფასა.
”ორი წლის წინ მე მოვახერხე და გავაერთიანე პოლიტიკური სპექტრის საუკეთესო ნაწილი. ხელისუფლებაში მოვიყვანე დემოკრატიული ძალები და ჩამოვაყალიბე საუკეთესო გუნდი. მე შევასრულე დანაპირები, საქართველო თავისუფალია მოძალადე ხელისუფლებისგან., სახელმწიფო ინსტიტუტები გათავისუფლებულია ხელისუფლების ზეწოლისგან, საქართველოს ყავს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მთელი ქვეყნის პრეზიდენტი იქნება, საქართველოს ყავს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოლიტიკოსია, საქართველოს ყავს პრემიერ-მინისტრი მთავრობასთან ერთად, რომელიც დარწმუნებული ვარ, ფეხზე დააყენებს ქვეყანას, ეს იყო ჩემი ამოცანა და ეს ამოცანა შევასრულე, ამიტომ დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და პოლიტიკიდანაც მივდივარ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
თავისი გამოსვლის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” წევრებს, კოალიციაში შემავალ პარტიებს პასუხისმგებლობის აღებისთვის.
“დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ხალხს, რომელმაც დამიჯერა, მენდო და გამომყვა ბოლომდე ბრძოლაში”.
“ამ ერთ წელიწადში საოცრება მოვახდინეთ, ყველას დავუმტკიცეთ, რომ ცივილიზებული ერი ვართ, ყველას დავუმტკიცეთ, რომ ევროპული ღირებულებების ერი ვართ და რომ გვინდა ჩვენი სახელმწიფო ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ ვაქციოთ.
ამ ერთ წელიწადში დავამსხვრიეთ მითი, რომ ნაციონალების წასვლით საქართველო ზურგს აქცევდა ევროპას, დაინგრეოდა ქვეყანა და დემოკრატია დასამარდებოდა. ყველა, ჩვენთანაც და დასავლეთშიც, კარგად მიხვდა, რომ ეს იყო ტყუილი, ყველა დარწმუნდა, რომ დემოკრატია ამ 9 წლის განმავლობაში იყო მოჩვენებითი და დემოკრატიულ მიღწვებზე საუბარი მხოლოდ დასავლეთისთვის თვალის ახვევას ემსახურებოდა”.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ 27 ოქტომბრის არჩევნებით საბოლოოდ დაუსვეს წერტილი ავტორიტარულ რეჟიმს და დამსწრეებს ეს გამარჯვება მიულოცა.
“განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ ჩემს ირგვლივ და დაიჯერეს, რომ მხოლოდ არჩევნების გზით უნდა დაგვემარცხებინა მოძალადე ხელისუფლება. მაშინ არავის ეგონა, რომ ამას შევძლებდით. სწორედ მაშინ შევქმენით პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”, რომელსაც ახალი ძალები უნდა გაეერთიანებინა და უნდა დადგომოდა გვერდით უკვე გამოცდილ პოლიტიკურ ძალებს. ამ საქმეში პირველი ჩემი თანამოაზრე იყო ირაკლი ღარიბაშვილი. მაშინ ირაკლიმ ბევრ განსაცდელს გაუძლო, ყველას გახსოვთ, როგორ დაუპატიმრეს ოჯახის წევრი, და ამის მიუხედავად, ერთი წუთით არ დაუხევია უკან, იყო პარტიის დაარსების საინიციატივო ჯგუფის წევრი და პირველი დღიდან პარტიის გამორჩეული სახე. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ მასზე უკეთ ვერავინ წარუძღვება პარტიას. ირაკლის, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, პოლიტიკური ალღოც აქვს და ორგანიზაციული ნიჭიც. მჯერა, რომ მისი თავმჯდომარეობით, პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო უკეთ ორგანიზებული იქნება”.
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო არ უნდა იქცეს სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეზრდილ პარტიად და უნდა იყოს დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი.
“ეს უნდა იყოს პარტია, რომლისთვისაც ხელისუფლებაში ყოფნა იქნება მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ხალხისა და ქვეყნის წინაშე. მინდა მჯეროდეს, რომ თქვენ უნდა იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მმართველი პარტია, როგორ უნდა მოუსმინოს ხალხს, რადგან ხალხის მონაწილეობის გარეშე არ უნდა წყდებოდეს მნიშვნელოვანი არც ერთი საკითხი, ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ შეუძლია ქვეყნის მართვაში მონაწილეობა”, – მიმართა ივანიშვილმა ყოფილ თანაპარტიელებს.
“დღეიდან მე თქვენს წინაშე ვდგავარ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, მე მივდივარ პოლიტიკიდან და დავრჩები აქტიურ მოქალაქედ. არ არსებობს იმაზე დიდი პასუხისმგებლობა და ბედნიერება, ვიდრე იყო შენი ქვეყნის ერთი ჯარისკაცი, შენი საზოგადოების რიგითი წევრი. მე ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქე, ვინც გააკონტროლებს ხელისუფლებას სწორედ სამოქალაქო პოზიციიდან. დარწმუნებული ვარ, ჩემი საზოგადეობაში ყოფნა მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. მე გაძლევთ პირობას, რომ სულ ცოტა 20 წელი ჩემს ენერგიას, ცოდნას, გამოცდილებას მოვახმარ ჩემი ქვეყნის ფეხზე დაყენებას”.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ყველა ხელისუფლებას, რომელიც ხალხის სამსახურში იქნება. არავის დაამადლის რჩევას და არც კრიტიკას მოაკლებს ვინმეს, თუ ამას დაიმსახურებენ.
“როცა საზოგადოება ძლიერია, სწორედ მაშინ არის ის ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა. ეს არის ჩემი ქართული ოცნება”- ამბობს ივანიშვილი.
მილიარდელმა ივანიშვილმა 2011 წლის 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას. 2011 წლის 7 ოქტომბერს მან გამოაქვეყნა ვრცელი ღია წერილი, სადაც საუბრობდა იმ მიზეზებზე, რამაც ასეთი გადაწყვეტილება მიაღებინა. ამის შემდეგ მან შექმნა პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, შექმნა კოალიცია “ქართული ოცნება”, რომელმაც გაიმარჯვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ივანიშვილი გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატის გამარჯვების შემდეგ კი დატოვა პრემიერ-მინისტროს თანამდებობა და შეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა.






