საფრანგეთში უკვე რამდენიმე დღეა არეულობაა. საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. განსაკუთრებული ზომების მიღების საჭიროებას საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლებით ასაბუთებენ. დასაქმებულები და სტუდენტები პრედიდენტ მაკრონის მიერ დაანონსებულ ეკონომიკურ და უმაღლესი განათლების რეფორმას აპროტესტებენ.
პროტესტი პარიზში აპრილის თვეში დაიწყო. სტუდენტების ჯგუფმა პარიზის რამდენიმე უბანში უნვიერსიტეტების პიკეტირება მოახდინა და ამ გზით შეეცადა საფრანგეთში დაგეგმილი რეფორმის გაპროტესტებას, რომელიც უნივერსიტეტებში მიღების წესის გადახედვას შეეხება. სტუდენტების პროტესტს საფრანგეთის პოლიციამ რეიდით უპასუხა.
ორშაბათს, 30 აპრილს,გამთენიისას ფრანგულმა პოლიციამ პარიზის სამი უნივერსიტეტის კამპუსში რეიდი მოაწყო და სტუდენტების ნაწილი საუნივერსიტეტო კომპლექსიდან გამოაძევა.
სტუდენტური პროტესტის პარალელურად, 2 მაისს გაფიცა საფრანგეთის რკინიგზის გაერთიანება. პროტესტი მოიცავს იმიგრაციის შესახებ ახალ კანონსაც. როგორც გაფიცვის მოანწილეები ამბობენ, ისინი მაკრონის რეფორმებს ეწინააღმდეგებიან და ვარაუდობენ, რომ გაფიცვა 3 თვეს მაინც გასტანს.
გამოსვლების ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ დემონსტრაციებს უმცირესობები აწყობენ, მისი რეფორმები კი ლიბერალურია.
საპროტესტო ტალღა საფრანგეთში განსაკუთრებით გაძლიერდა საპირველმაისო აქციის შემდეგ. დემონსტრანტებმა დააზიანეს პარიზის ინფრასტრუქტურა, დაწვეს მაკდონალდსის შენობა. მთლიანაბაში დაზიანებულია 31-მდე მაღაზია და ბიზნესდაწესებულება, განადგურდა 16 მანქანა, 10 კი დაზიანდა. ამის საპასუხოდ პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, დააკავეს აქციის რამდნიმე მონაწილეც.
პირველი მაისის მოვლენების შემდეგ, პროტესტი პარიზის საზღვრებს გასცდა, მაკრონის რეფორმების საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღას, საფრანგეთის მასშტაბით, თითქმის ყველა ქალაქში, საჯარო სექტორში დასაქმებულები და სტუდენტები შეურთდნენ.