ახალი ამბები

სახალხო დამცველი: საქართველომ გაეროს რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეასრულა

22 ნოემბერი, 2013 •
სახალხო დამცველი: საქართველომ გაეროს რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეასრულა

2013 წლის 15 ნოემბერს „UPR Info“-მ საქართველოს მიერ რეკომენდაციის შესრულების შუალედური შეფასება გამოაქვეყნა. მომზადებულ ანგარიშში გაანალიზებული 133 რეკომენდაციიდან საქართველოს ხელისუფლებას ამ ეტაპზე სრულად ან ნაწილობრივ რეკომენდაციების 75% შეასრულა.

 

“ადამიანის უფლებების დაცვა და მათი ხელშეწყობა ქვეყნის პოლიტიკის ერთ-ერთ ძირეულ პრინციპს წარმოადგენს და ამ კონტექსტში, საქართველოსთვის სწორედ ეს რეკომენდაციები უნდა გახდეს საფუძველი ადამიანის უფლებების სფეროში პოლიტიკის შესამუშავებლად და განასახორციელებლად,”- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

 

სახალხო დამცველის განცხადებით, შეუსრულებელ ან ნაწილობრივ შესრულებულ რეკომენდაციებს შორის მოხვდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის“, „იძულებით გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის“, „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე „დედობის დაცვის“ შესახებ კონვენციების რატიფიცირება. 

 

შეუსრულებელი რჩება რეკომენდაციები უსახლკარო პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან, დამოუკიდებელ და ეფექტურ გამოძიებასთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრულ ეროვნულ პოლიტიკასთან და ე.წ. სადავო რელიგიური ნაგებობების ისტორიული მფლობელებისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით.   

 

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც პერიოდულად მიმოიხილება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობა გაეროს წევრ 193 ქვეყანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი