Abba-ს წევრი ბენი ანდერსონი ფიქრობს, რომ ჯგუფს ახალი სიმღერით დასამტკიცებელი არაფერი აქვს. ამის შესახებ შვედმა მუსიკოსმა BBC-ს მას შემდეგ განუცხადა, რაც ჯგუფის წევრებმა ABBA-ს სახელით ახალი სიმღერის გასაჯაროება დააანონსეს.
“არ მგონია, დასამტკიცებელი გვქონდეს რამე. არ მიმაჩნია სწორად იმაზე ფიქრი, მოიცა, იქნებ ადრე უკეთესი იყო. შეიძლება ასეც იყო, თუმცა ეს ჩვენ არ გვადარდებს. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვფიქრობთ, ამის გაკეთება კარგი იქნებოდა. ჩვენ ამ პროცესით დიდი სიამოვნება მივიღეთ, იმედია, მსმენელსაც მოეწონება” – ამბობს მუსიკოსი.
ანდერსონის თქმით, ახალი სიმღერების ჩაწერის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ის და ბიორნ ულვეუსი სტუდიაში პროექტზე მუშაობდნენ, რომელიც პოპულარული შვედური ჯგუფის წევრების ციფრული გამოსახულებების ტურნეს ეხება. პროექტის ფარგლებში სიმღერებს მათი კომპიუტერული ვერსიები შეასრულებენ:
“ვთქვით, რამდენიმე ახალი სიმღრა ხომ არ დავამატოთ-თქო, ჯგუფის ქალ წევრებსაც ვკითხეთ, თუ უნდოდათ მოსულიყვნენ და ემღერათ. ისინი სიხარულით დაგვთანხმდნენ. ეს ნამდვილად სახალისო იყო” – ამბობს ანდერსონი.
მისი თქმით, ორი ახალი სიმღერა დამუშავების პროცესშია:
“ერთ-ერთი სიმღერა ისეთია, დღეს რომ დავწერდით. მეორე კი შეიძლება 1972-შიც დაგვეწერა. არ ვიცი, ვნახოთ დასრულებული ვერსია. ვოკალი უკვე ჩავწერეთ, თუმცა ჯერ არ დაგვიმუშავებია. ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოდის. ბიორნიც ფიქრობს, რომ ისინი Abba-ს სტილშია” – ამბობს მუსიკოსი.