პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ოფისის განცხადებით, მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციები ვალდებული არიან ინსპექტორს მიაწოდონ მონაცემთა დამუშავების მიზანი, შენახვის ვადები, განადგურების მეთოდოლოგია და სხვა დეტალები.
ბიომეტრიული მონაცემებია თითის ანაბეჭდები, თვალის ფერადი გარსის გამოსახულება, დნმ-ის კოდი და სხვ.ნებისმიერი მონაცემი, რომელიც უნიკალური და მუდმივია თითოეული ადამიანისთვის და რომლის საშუალებით შესაძლებელია პირის უტყუარი და ზუსტი იდენტიფიცირება.
“ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება განსაკუთრებულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული ამ მონაცემების მახასიათებლებიდან გამომდინარე. ბიომეტრიულ მონაცემებზე არამართლზომიერი წვდომა და დამუშავება შესაძლებელია გახდეს დისკრიმინაციული ქმედების საფუძველი, ასევე, გამოწივიოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ხელყოფა და სერიოზული საფრთხე შეუქმნას პიროვნების უსაფრთხოებასა და საკუთრებას,”- აღნიშნულია ინსპექტორის განცხადებაში.
ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავებისას აუცილებელია, რომ მონაცემებთან წვდომა მკაცრად შეზღუდული და აღრიცხული იყოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მონაცემთა ხელყოფა.
ინსპექტორის განცხადებით, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება მხოლოდ საქმიანობის განხორციელების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნებისთვის, აგრეთვე, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით უნდა განხორციელდეს.
კერძო დაწესებულებები ვალდებული არიან, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავებამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიაწოდონ ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების შესახებ და შეავსონ სპეციალური ფორმა.