სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო თემურ ბასილია, რომელიც ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა და ქრთამის აღების ბრალდებით გასამართლდა.
თემურ ბასილიას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის 27 ოქტომბერს გამოიტანა განაჩენი და ქრთამის აღების ბრალდებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2017 წელს პროკურატურამ განაჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თემურ ბასილიას საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა მის მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც იგი გასამართლდა.
რას ედავებოდნენ თემურ ბასილიას
პროკურატურის ცნობით, 2006 წლის 25 თებერვალს გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკის“ გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი.
გენერალურ პროკურატურას სურდა, დანაშაულში გამოევლინა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს “ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს.
პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.