როგორც “ნეტაზეთს” ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, პარტიის წევრები აპირებენ, რომ რევოლუციის 10 წლისთავი რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე იზეიმონ:
“ჩვენი მხრიდან არაფერი განსაკუთრებული არ იგეგმება”.
მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ 23 ნოემბერს საქართველოში არ იქნება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვარდების რევოლუციის 10 წლისთავთან დაკავშირებით სავარაუდოდ განცხადებას გაავრცელებს.
“პრეზიდენტთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია. რამდენადაც მე ვიცი, ჯერჯერობით უახლოეს დღეებში ის საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს”.
23 ნოემბერს, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დაგეგმილი ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება. ღონისძიების პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია ვარდების რევოლუციის თემატიკაზე ფოტოგამოფენა; ყვავილების გამოფენა; ასევე კონცერტის გამართვა (კონცერტის დასაწყისი 18:30), სადაც Weekend Pop, გიორგი ერგემლიძე, The Georgians, Ducktape, The Pulse დაუკრავენ.
ღონისძიების ერთ–ერთი ორგანიზატორი გიორგი ფირცხალავა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ივენთის ორგანიზატორები რიგითი მოქალაქეები არიან.
“მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებაში მონაწილეობას იღებს ყველა ის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია 23.11.03. მისასალმებელია მოსახლეობის საკმაოდ მაღალი აქტივობა”.
მისივე თქმით, ღონისძიების ორგანიზატორებმა კონკრეტული მოსაწვევებიც შექმნეს, რომელიც ყველა იმ ადამიანს გაუგზავნეს (პირადად, ან სოციალური ქსელების მეშვეობით), რომელიც ზემოხსენებულ პროცესებში მონაწილეობდა 2003 წელს. მიწვეულ პირთა შორის არიან, დავით ზურაბიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, დავით ტურაშვილი, ბადრი ბიწაძე და ბიძინა ივანიშვილიც.
“მოსაწვევების თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვიწვევთ ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალო მონაწილეობას იღებდა “ვარდების რევოლუციაში” და შეტანილი აქვს წვლილი ქვეყნის დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებად ჩამოყალიბებაში, მიუხედავად დღეს მათ პოლიტიკური შეხედულებებისა”.
დავით ზურაბიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მიწვევის მიუხედავად, იგი რიყის პარკში მისვლას არ აპირებს. იგი არ თვლის, რომ ის ადამიანები, ვინც ვარდების რევოლუცია მოაწყეს 2003 წელს, არასწორად მოიქცნენ, თუმცა ზურაბიშვილი რევოლუციის შემდეგ განვითარებული პროცესებით და ნაცმოძრაობის ხელისუფლების მმართველობის შედეგებით არის უკმაყოფილო.
ჯერ არ იცის მივა თუ არა აღნიშნულ ღონისძიებაზე ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც აინტერესებს, კონკრეტულად ვინ იწვევს მას:
“მართალი გითხარით, არ ვიცი ვინ ატარებს. ჯერ არ მინახავს, ვნახავ და გავერკვევი, გააჩნია, რა ხალხი მიწვევს. შევისწავლი, ვნახავ ვინ მპატიჟებს და ამის მიხედვით გადავწყვეტ”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ ვარდების რევოლუციის შემდგომ განვითარებული პროცესებით კმაყოფილი არ არის. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციამ ვერ გაამართლა.
“ვარდების რევოულიცია, როგორც ასეთი, უკვე ამ სახელსაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, იმედები ძალიან დიდი იყო, პირველი შედეგები ძალიან კარგი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, შემდეგ ამას რაც მოჰყვა… მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მომენტები, მაგრამ უარყოფითმა მომენტებმა აშკარად გადააჭარბა დადებითებს, ამიტომ, როგორც ქართული, ისე უკრაინული რევოლუციების შეფასება ახლა გაცილებით სხვანაირია. ქვეყანაში მოხდა კოსმეტიკური ცვლილებები, ჩამოყალიბდა სახელმწიფო სტრუქტურები, რაც კარგი იყო, მაგრამ ეს ადამიანის უფლებათა ხარჯზე ხდებოდა, ამიტომ საზეიმოს ვერაფერს ვხედავ”, – ამბობს ბერძენიშვილი.
დეპუტატი ფიქრობს, რომ ვარდების რევოლუციის 10 წლისთავის აღსანიშნავად რიყის პარკი მთლად ადეკვატური ადგილი არ არის:
“რიყის პარკი, თვითონ ადგილი ცუდი შეურჩევიათ. 2007 წელს მანდ დაგვარბიეს და მაგ ადგილის დამშვენება ახლა გაუჭირდებათ. 2004–2006 წლებში დადებითი დინამიკა იყო, ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე კარგი არაფერი მომხდარა”.